თურქეთმა უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

თურქეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებისთვის შემცირდა კაპიტალის ფიქსირებული თანხა, უძრავი ქონების მინიმალური ღირებულება, ასევე დეპოზიტის თანხა.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თურქეთმა მნიშვნელოვნად გაამარტივა მოქალაქეობის მიღება უცხოელებისთვის. ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შესაბამისი ბრძანება სამთავრობო მაცნეში Resmi Gazete ოთხშაბათს გამოქვეყნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

საქართველოდან თურქეთისკენ საზღვრის გადაკვეთის წესები შეიცვალა

ბრძანების თანახმად, თურქეთის მოქალაქეობის მიღებისთვის გათვალისწინებული კაპიტალის ფიქსირებული თანხა 2 მილიონი დოლარიდან 500 ათას დოლარამდე მცირდება. უძრავი ქონების მინიმალური ღირებულება მცირდება 1 მილიონიდან 250 ათას დოლარამდე. ცვლილებები შევიდა ასევე უცხოელების მიერ ადგილობრივების დასაქმების პუნქტში - თუ აქამდე თურქეთის მოქალაქეობის მსურველს მოეთხოვებოდა, რომ 100-ზე ნაკლები ადამიანი არ დაესაქმებინა, ახლა ეს რიცხვი 50-მდე შემცირდა. დეპოზიტის თანხა, რომელიც თურქეთის ბანკებში უნდა იყოს შენახული, ასევე შემცირდა - 3 მილიონიდან 500 ათას დოლარამდე.

უფრო ადრე გაზეთი Aydinlik იუწყებოდა, რომ ცნობილ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს თურქეთის მოქალაქეობის მიღება სურდა და ამ საკითხის განხილვას ის ერდოღანთან აპირებდა. ამჟამად, როგორც РИА Новости-ს თურქეთში იურიდიულმა წყარომ განუცხადა, დეპარდიეს ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით შეუძლია პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიხედვით - დამსახურებისთვის თურქეთის წინაშე ან მსხვილი ინვესტიციებისთვის.