თბილისში ბავშვებსა და მოზარდებს შორის პლანეტის საუკეთესო მოდელებს არჩევენ

თბილისის მოდელების საერთაშორისო კონკურსის ფინალში 20 ქვეყნის 45 ბავშვი და მოზარდი მონაწილეობს.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. მოდელების საერთაშორისო კონკურსი ბავშვებსა და მოზარდებს შორის Top Teen and Child Model of The Planet – 2018 თბილისში მეორედ ტარდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

კონკურსში მონაწილეობისთვის, რომელიც 15-22 სექტემბერს იმართება, საქართველოში მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 150 ადამიანი ჩამოვიდა. ესენი არიან მონაწილეები, მათი მშობლები, სამოდელო კონკურსების დირექტორები, დიზაინერები, ასევე ჟიურის წევრები.

კონკურსის ნახევარფინალი ბულგარეთში გაიმართა. მასში ასამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოში ჩამოსვლისა და ფინალურ შოუში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 20 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. ფინალში მონაწილეობს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 45 მოდელი: 4-დან 6 წლამდე, 7-დან 9 წლამდე, 10-დან 13 წლამდე და 14-დან 18 წლამდე.

კონკურსის დამფუძნებლები არიან სამოდელო სააგენტო „კატრინის" ხელმძღვანელი ეკატერინე მგალობლიშვილი და ბულგარეთის სამოდელო სააგენტოს Inter sound ხელმძღვანელი ირინა პოპოზოვა.

„ეს მხოლოდ სამოდელო კონკურსი არაა. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყანას შორის მეგობრული და კულტურული ურთიერთობების დამყარება, ტრადიციების, კულტურის გაცნობა. დაგეგმილია სხვადასხვა აქტიურობა და ღონისძიება: ექსკურსია ძველ თბილისში, მცხეთაში, კახეთში, ეროვნული კოსტიუმების ტური და სხვა", – აღნიშნა მგალობლიშვილმა.

ექსკლუზიური სამოსი ბავშვებისთვის – „მიშელი“, რომელიც შვილების შთაგონებით შეიქმნა

კონკურსანტები საგარეჯოში მონაწილეობას მიიღებენ გამწვანების აქციაში. ამას გარდა, მოდელები საქველმოქმედო აქციასაც გამართავენ - კონკურსის მონაწილეებმა თან ჩამოიტანეს სხვადასხვა საჩუქარი. ამ საჩუქრებს ისინი მშოლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს დაურიგებენ.

კონკურსის ფარგლებში თბილისში 20 სექტემბერს გაიმართება მოდების ჩვენება, რომელზეც კონკურსის მონაწილეებს თავიანთ სამოსს ჩააცმევენ დიზაინერები უზბეკეთიდან, რუმინეთიდან, ტაილანდიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან. ამ დღეს შეირჩევა საუკეთესო დეფილე.

ფინალი 21 სექტემბერს გაიმართება. კონკურსანტები ეროვნულ კოსტიუმებსა და კლასიკურ სამოსში წარდგებიან. ყველა მიიღებს დიპლომს სხვადასხვა ნომინაციაში, ასევე საჩუქრებსა და ექსკლუზიურ გვირგვინებს.

ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო".