ზაზა სარალიძემ ილია მეორის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა

Sputnik

ზაზა სარალიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საპარლამენტო გამოძიება დასრულებულია>>>

ზაზა სარალიძემ გასულ ორშაბათს  რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განაახლა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, მთავრობამ ობიექტურად ვერ გამოიძია მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელობა. 

ზაზა სარალიძე შიმშილობის მეექვსე დღეს საავადმყოფოში მოხვდა

შიმშილობის შედეგად ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და მას ორჯერ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

„მოწოდება იყო უწმინდესისგან, რომ შიმშილობა შემეწყვიტა და ადგილზევე შევწყვიტე. რადგანაც ცუდად ვარ ამდენი დღის შემდეგ, თავად მომაწოდა საკვები. დამლოცა, დალოცა საქართველო“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

ზაზა სარალიძის  განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოში პატრიარქთან შეხვედრის დროს  აქციებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

„მკითხა, საქმის მსვლელობა და მოკლედ მივაწოდე ინფორმაცია, რომ მკვლელებს ისევ აფარებენ ხელს. აქციები გაგრძელდება. ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, სანამ მართლა სატანები არ მოშორდებიან ქვეყანას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის №51–ე  და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის  მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი №51–ე   სკოლაში დაიწყო.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი. 

„მმართველი პარტია ჩემი შვილის მკვლელს მფარველობს“ - სარალიძე კვლავ პროტესტს აცხადებს

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ.

პროტესტის ფონზე გადადგა საქართველოს მთავარმა  პროკურორმა  ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.

მიმდინარე წლის ივნისში შექმნილმა დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უნდა გაერკვია, იყო თუ არა დაშვებული დარღვევები საქმის გამოძიებისას და იყო თუ არა ჩარეული ვინმე ამ პროცესში.

მიმდინარე წლის ივნისში შექმნილმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომელიც თბილისში მოსწავლეების გახმაურებული მკვლელობის საქმეს სწავლობდა, სექტემბერში დაასრულა მუშაობა და დასკვნა მოამზადა.

კომისიამ, რომელიც ორი პარტიის — „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული ვერ დაადგინა, ვინ მოკლა დავით სარალიძე, თუმცა, გამოითქვა ვარაუდი, რომ მკვლელობაში კიდევ ერთი მოზარდი მონაწილეობდა.