ბუბა არაბული: „ხელოვნება მიადვილებს ცხოვრებას დაყოფის რუტინას“

ქალბატონი ბუბა არაბული მხატვარია, რომელმაც თავის შემოქმედებით გზას, დიდი ხანია, რაც მიაგნო. ამბობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა სამხატვრო სკოლაში გრაფიკაში, ფერწერასა და ქანდაკებაზე მუშაობდა, ასეთი მრავალფეროვნება ჩამოყალიბებასა და საბოლოოდ ფერწერის არჩევაში დაეხმარა.
Sputnik

სწავლა ნიკოლაძის სასწავლებელში, შემდეგ კი- სამხატვრო აკადემიაში სწორედ ფერწერის განხრით განაგრძო.

მისი ნახატები საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის, ესპანეთის, ლიტვისა და შეერთებული შტატების კერძო კოლექციებშია. იგი მხატვართა კავშირის წევრი და საქართველოსა და უცხოეთში არა ერთი მნიშვნელოვანი გამოფენის მონაწილეა.

ბუბა არაბულის შემოქმედება

-ქალბატონო ბუბა, თქვენი გზა ხელოვნებისკენ ბავშვობაზე გადის?

— რაც თავი მახსოვს დარაც ხელში ფანქრის კარგად დაჭერა შევძელი- მას მერე ვხატავ. ხელოვანის ჩამოყალიბებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელიც მისი ნიჭის განვითარებას ხელს შეუწყობს. ამ მხრივ გამიმართლა. ოჯახში მხოლოდ მე ვხატავ, თუმცა ჩემი მშობლები ხელოვანები არიან და ბავშვობიდან შემოქმედებით გარემოში ვიზრდებოდი. საშუალო სკოლის პარალელურად ვსწავლობდი სამხატვრო სკოლაში, სადაც ხატვის გარდა თანამედროვე ხელოვნებასაც ვეცნობოდით.

ბუბა არაბულის შემოქმედება

-ნახატები ბევრს ამბობენ ავტორებზე, აქედან გამომდინარე, რატომღაც ვფიქრობ, რომ სენტიმენტალური ბუნება გაქვთ, რადგან თქვენს ნახატებში ხშირად „უბრუნდებით“ წარსულს…                                                                                    —ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, უამრავი შთაბეჭდილება, ემოცია და განცდები, რომელიც გვგონია, რომ აღარ გვახსოვს, ილექება და სად როგორ აისახება არავინ იცის. ამიტომ ალბათ ხშირად, ისე რომ ვერც ვხვდები, ბავშვობაში ვბრუნდები. შემოქმედ ადამიანს განვითარებული აქვს გრძნობითი საწყისი, შესაბამისად, გარემოსაც განსაკუთრებული ემოციით აღიქვამს. ზოგჯერ ხელოვანი, როგორც ბავშვი, გარემოსთან ახლებურად დაკავშირების მიზნით ქმნის საკუთარ რეალობას, რომელიც ერთგვარი მედიუმია შემოქმედსა და რეალურ ცხოვრებას შორის. ყველაზე ემოციურად მახსენდება პირველი პერსონალური გამოფენა, როცა ცხრა წლის ვიყავი და ჩემთვის ის დღე დიდი ზეიმი იყო, უამრავი დამთვალიერებლით, სიყვარულით, სითბოთი და ემოციებით სავსე…

ბუბა არაბულის შემოქმედება

-თემები, რომელიც უფრო ხშირად ჩნდება თქვენს შემოქმედებაში…                                                 

— ცოტა ძნელია რაიმე თემის გამოყოფა. ჩემთვის და ალბათ ყველა მხატვრისთვის მთელი შემოქმედებითი პროცესი ძიებაა, ამ ძიებაში იცვლება სტილიც, თემატიკაც, ტექნიკაც. თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ადამიანი.

-გაქვთ ნახატი, რომელსაც ვერასოდეს შეელევით და რატომ?

— ასეთი ნახატი რამდენიმე მაქვს, არ ვიცი რატომ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ვერასდროს შეველევი. იცით, რა უადვილებს ხელოვანს ცხოვრებას დაყოფის რუტინას?— რა თქმა უნდა, ხელოვნება!… ის მძაფრი შთაბეჭდილებები და საინტერესო განცდები, რაც თან ახლავს შემოქმედებით პროცესს და შეუმჩნევლად გვაძლევინებს ყოფის რუტინას…