ტურისტების გაქურდვისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში 55 წლის მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა მ.ს.-მ  ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე  ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა მოიპარა.

რაში დაგეხმარებათ ქვეითი პატრული

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

„მ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას  ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი, 8 ვაზნა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, კარის საკეტების გასაღები ხელსაწყოები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ფული“, — ნათქვამია განცხადებაში.

ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში მრავალგზის ნასამართლევია.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.