თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის უწყება საქართველოში ამერიკული ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ დოკუმენტებს შეისწავლის, სადაც შეიძლება ადამიანებზე საშიში ექსპერიმენტები ტარდება, იუწყება РИА Новости თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ამ კვირაში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ მოეპოვება აშშ–ის მხარდაჭერით აშენებულ ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღის შესაძლო შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტები.
„ამ დროისთვის იგორ გიორგაძის გვერდზე გამოქვეყნებულ ყველა დოკუმენტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პროფესიონალი სპეციალისტები შეისწავლიან. აღნიშნული ანალიზის შედეგები რუსი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება", — ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკულ მხარეს საქართველოში ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ოფიციალურ განმარტებას მოსთხოვს.
რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორია, რომელიც თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს, ჟურნალისტური კვლევის საგანი არაერთხელ გამხდარა. პირველი ჯერ კიდევ 2015 წელს გამოქვეყნდა. მედიის მტკიცებით, ცენტრში ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური იარაღი იქმნება, თუმცა, აღნიშნული მასალები მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობოდა.
ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ – შსს–ს, ამჟამად კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო ადრე განაცხადა, რომ ლაბორატორიის მუშაობის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტები არიან მოწვეული. წინასწარი მონაცემებით, მეცნიერთა მორიგი ჯგუფის ჩამოსვლა ამა წლის ნოემბერშია დაგეგმილი.