პარკი „მზიური" ნოდარ დუმბაძის იუბილეს უმასპინძლებს

ყველა თაობის საყვარელ მწერალს 90 წელი შეუსრულდებოდა
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები „მზიურის" პარკში 15-16 სექტემბერს გაიმართება.

პროგრამით სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. კერძოდ, პარკის ამფითეატრში გაიმართება მწერლის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული კინოფილმების ჩვენებები, მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე დუმბაძის მოთხრობებიდან ფრაგმენტებს წაიკითხავს, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დასი კი მწერლის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლ „მე ვხედავ მზეს" წარმოადგენს.

„სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი“...

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები თანამედროვე საბავშვო მწერლებთან - ვასო გულეურთან, მარიამ წიკლაურთან და ირმა მალაციძესთან.

გარდა ამისა, „მზიურის" სტუმრებს დმანისის თეატრი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხერდვით დადგმულ სპექტაკლზე „სისხლი" იწვევს. ამასთან, გაიმართება ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის მიერ გამოცემული ახალი წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიების ორგანიზატორი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდი და თბილისის მერიაა. დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც 13:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება, დასწრება თავისუფალია.

ყველა თაობის საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა.

მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „მე ვხედავ მზეს", „მზიანი ღამე", „მარადისობის კანონი", „თეთრი ბაირაღები", „კუკარაჩა" და ა.შ.

დუმბაძის ოთხი რომანი პიესებად გადაკეთდა და დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე, აგრეთვე შეიქმნა მისი რომანების ეკრანიზაციებიც.

ლენინის პრემიის ლაურეატი (1980) ნოდარ დუმბაძე, 1973 წელს რომანისთვის „ნუ გეშინია დედა" ალექსანდრ ფადეევის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

ნოდარ დუმბაძე 1984 წელს გარდაიცვალა. მწერალი თავდაპირველად საბავშვო ქალაქ „მზიურში" დაკრძალეს, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.