მძღოლს, რომელმაც ახალგაზრდა ქალი და ბავშვი იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებულმა დაშავებულები მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა იგი დააკავეს
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მძღოლს, რომელმაც 27 წლის ქალისა დ სამი წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეუფარდა.

უბედური შემთხვევა მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, ღამით გლდანში მოხდა. საქმის მასალების თანახმად, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით ქვეითად მოსიარულე 27 წლის ქალსა და 3 წლის ბავშვს დაეჯახა, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ. 

უბედური შემთხვევა გლდანში – დაღუპულია დედა და მცირეწლოვანი შვილი

ბრალდებულმა დაშავებულები მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, სამართალდამცავებმა დამნაშავე მალე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის დანაშაულს აღიარებს.

„შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის — ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო ჩადენა… ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე — პატიმრობა გამოიყენა", — აღნიშნულია განცხადებაში.

წინასასამართლო სხდომა 5 ნოემბერს გაიმართება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 128-ე მუხლით („განსაცდელში მიტოვება") და 276-ე მუხლის მერვე ნაწილით („სატრანსპორტო საშუალებით ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა") მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.