დავით უსუფაშვილმა ცესკოში ხელმოწერები წარადგინა

ცესკოში ამ ეტაპზე რეგისტრაცია პრეზიდენტობის რვა კანდიდატმა გაიარა
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერები წარადგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უსუფაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციაში 32 ათასზე მეტი ხელმოწერა შეიტანა, რომელთა შორისაა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერთა ხელმოწერები. სწორედ ამ პარტიამ წარადგინა „შენების მოძრაობის“ ლიდერი ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატად. ამ პარტიის გარდა, უსუფაშვილის კანდიდატურას მხარს „ეროვნული ფორუმიც“ უჭერს.

„გულწრფელად მებრალება“ - დავით უსუფაშვილს ზურაბიშვილის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება

უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი საჭირო ინსტიტუტია და გამარჯვების შემთხვევაში, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება.

უსუფაშვილისთვის ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. მან კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი განაცხადა.

უსუფაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. არასამთავრობო ორგანიზაციიდან წასვლის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „რესპუბლიკურ პარტიას". 2016 წელს მან დატოვა პარტია და ერთი წლის შემდეგ შექმნა ახალი პარტია — „შენების მოძრაობა“. მისმა პარტიამ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში 0,76%  მიიღო.

სექსი, მარიხუანა, ჯარი და, ბოლოს – საარჩევნო კამპანია პორნოსაიტზე

ცესკოში ამ ეტაპზე საპრეზიდენტო კანდიდატებზე სულ 46 განაცხადია შესული, მათგან 26 — საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 — პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია. პრეზიდენტობის რვა კანდიდატმა რეგისტრაცია უკვე გაიარა, ხოლო ორმა უარი მიიღო. საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.