თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. „თბილისობა 2018" 6-7 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი სიტყვებით, ამიერიდან „თბილისობის" აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება.
"ჩვენ არაერთხელ მოგვმართეს ტურისტულმა კომპანიებმა „თბილისობის" თარიღის წინასწარ დასახელების თხოვნით, რადგან ტურისტების მხრიდან დიდი ინტერესია. მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში „თბილისობა" გაიმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას. ტურისტული კომპანიებისთვისაც კარგი იქნება, რადგან წინასწარ ეცოდინებათ და მოემზადებიან ამ ღონისძიებებისთვის", – განაცხადა კახა კალაძემ.
2018 წელს 39-ე „თბილისობა" გაიმართება. ქალაქის დღე პირველად 1979 წელს იზეიმეს. ღონისძიების გამართვის ინიციატორი ცნობილი ქართველი მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანიაა.
1989-1994 წლებში რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო „თბილისობის" ზეიმი არ ჩატარებულა.