საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება

საქართველოს მთავრობამ ეს რეგულაცია ახალი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში მიიღო.
Sputnik

თბილისი, 13 საქტემბერი — Sputnik. გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია 2018 წლის 1 ოქტომბრიდან იკრძალება, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობამ ეს ახალი რეგულაცია ახალი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების შემცირებას და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ინიციატივების წახალისებას.

„პლასტიკის პარკების მოხმარება გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენს. მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთი მასალის მოხმარება. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის გარემოს, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციით, განსაკუთრებით პლასტიკის ერთჯერადი პარკებით ბინძურდება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დედამიწის დღე: დასუფთავების აქცია თბილისში

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პლასტიკის პარკი, თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება ბიოლოგიურ დეგრადაციას, ხოლო მის დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. პლასტიკის პარკები ერთჯერადად მოხმარებისთანავე გადაიქცევა ნარჩენად, ხვდება გარემოში და საბოლოოდ იწვევს გარემოს (ნიადაგის/წყლის) დაბინძურებას. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პლასტიკის ნარჩენების სრული გადამუშავება ვერ ხდება.

ჯერჯერობით იკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის მასალა, 2019 წლის 1 აპრილიდან კი უკვე ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება.

პლასტიკის შესაფუთი მასალების სანაცვლოდ დაშვებული იქნება ნებისმიერი სისქის მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.