22 წლის წარმატებული ქართველი პიანისტი, რომელსაც ბავშვობაში ფიზიკოსობა სურდა

სალომე ჟორდანია - წარმატებული პიანისტი, ჯერ კიდევ რვა წლის იყო, როცა ურთულეს ნაწარმოებებს ასრულებდა. 18 წლის ასაკში ჯულიარდის პრესტიჟული კონსერვატორიის სტუდენტი გახდა.
Sputnik

დღეს 22 წლის პიანისტი სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ სცენაზე გამოდის. სოლო და სიმფონიური კონცერტები აქვს ამერიკაში, გერმანიაში, მექსიკასა და ისრაელში. ამჟამად, პროფესიული ზრდის გარდა, უცხო ენების სწავლასაც აქცევს ყურადღებას და უკვე მეხუთე უცხო ენას ეუფლება.

22 წლის წარმატებული ქართველი პიანისტი, რომელსაც ბავშვობაში ფიზიკოსობა სურდა

– სალომე, თქვენი პროფესიული არჩევანი კანონზომიერია, რადგან მუსიკოსის ოჯახში დაიბადეთ, თუ გახსოვთ, პირველად როგორ გაზიარათ მამამ მუსიკალურ ხელოვნებას?

— დიახ, საბედნიეროდ, მუსიკალურ ოჯახში დავიბადე, შესაბამისად, მუსიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. როცა სამი წლის ვიყავი, მამა გიტარის თანხლებით სიმღერებს მასწავლიდა. მალევე აღმოაჩინეს, რომ კარგი სმენა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსებთან გავიზარდე, არასდროს დაუძალებიათ ჩემთვის მუსიკაზე შესვლა. ეს ჩემი დიდი სურვილი იყო, რაც ალბათ იმ გავლენის შედეგია, რომელიც მამისა და ბაბუის კონცერტებზე ბავშვობიდან სიარულმა გამოიწვია.

22 წლის წარმატებული ქართველი პიანისტი, რომელსაც ბავშვობაში ფიზიკოსობა სურდა

– ფორტეპიანოზე შესრულებული პირველი ნაწარმოები თუ გახსოვთ?

— დიახ, მახსოვს, რა თქმა უნდა. ეს იყო პატარა რომანტიკული პიესა, რომელიც მაშინ ძალიან რთულად მეჩვენებოდა. რაც შეეხება ჩემ საყვარელ კომპოზიტორს, ცოტა გამიჭირდება დასახელება, ბევრი მიყვარს, მაგრამ არის რაღაც ეტაპები, როცა რომელიმე ნაწარმოებით ვარ გატაცებული და ჩემ მასწავლებელთან ნატა ნაცვლიშვილთან ერთად მასზე ბევრს ვმუშაობ. დღესდღეობით ასეთი ნაწარმოები ლისტის საფორტეპიანო სონატა სი–მინორია.

– სკოლის პერიოდში თქვენი ყველაზე წარმატებული მუსიკალური გამოსვლა გაიხსენეთ…

— ყველაზე წარმატებულს ვერ გამოვარჩევ, თუმცა, კარგად მახსოვს ჩემი პირველი სოლო-კონცერტი თბილისში, როდესაც ამერიკელი კომპოზიტორის უილიამ გილოკის 24 პრელუდია შევასრულე და, ვფიქრობ, რვა წლის ასაკისთვის ეს დიდი მიღწევა იყო. ჩემი წარმატება კი დამსახურებაა ჩემი მასწავლებლის, ნატა ნაცვლიშვილის, რომელიც პირველი კლასიდან დღემდე მომყვება.

22 წლის წარმატებული ქართველი პიანისტი, რომელსაც ბავშვობაში ფიზიკოსობა სურდა

– ჯულიარდის სტუდენტი როდის გახდით? როგორი აღმოჩნდა თქვენთვის იქაური გარემო, რომელზეც ამბობენ, მეტისმეტად მკაცრიაო?

— ჯულიარდში 18 წლის ასაკში ჩავაბარე, როდესაც თბილისში სკოლა დავამთავრე. იქაური გარემო, რასაკვირველია, რთულია და მკაცრიც, მაგრამ მალევე შევეჩვიე დატვირთულ რეჟიმს და, ვფიქრობ, ასეთი გამოცდილება ყველა მუსიკოსისთვის და, ზოგადად, ხელოვანისთვის აუცილებელია. იქ სწავლაც მაღალ დონეზეა, ასევე გვაქვს ჰუმანიტარული საგნები და, საერთოდ, ყურადღება მუსიკოსის ყოველმხრივ განვითარებას ექცევა.

– საქართველოში ყველაზე დიდ წარმატებად რას თვლით?

— ჩემ ქვეყანაში ზოგადად ძალიან გამორჩეულია ჩემთვის კონცერტების ჩატარება, თუმცა მქონია ბევრი საინტერესო სოლო და სიმფონიური კონცერტები ამერიკაში, გერმანიაში, მექსიკაში, ისრაელში და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება თვითრეალიზებაა. ჩემ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაზე დიდი წარმატება და გამოწვევა, რაც ჩემ პროფესიას ახლავს, ჯერ კიდევ წინ მაქვს.

22 წლის წარმატებული ქართველი პიანისტი, რომელსაც ბავშვობაში ფიზიკოსობა სურდა

– დაუშვათ, არ გამოსულიყავით პიანისტი, რომელ პროფესიაში და სფეროში ხედავთ საკუთარ თავს?

— ბავშვობაში ბალერინობა მინდოდა, მერე ფიზიკა მიტაცებდა. თუმცა მუსიკის და, ზოგადად, ხელოვნების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ისე, მგონია, რომ უცხო ენების სწავლა კარგად გამომდის, ამჯერად მეხუთე ენას, ფრანგულს ვსწავლობ და კიდევ რამდენიმე ახალი ენის სწავლა მაქვს გეგმაში.

– როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი, ვთქვათ, 20 წლის მერე?

— იმედი მაქვს, რომ მაგ დროისთვის ჩემ სფეროში მეტ წარმატებას მივაღწევ, პირადი ცხოვრებისთვისაც დრო მექნება და ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით საქართველოსთვის ბევრი რამის გაკეთებას შევძლებ…