ესტონეთის პრეზიდენტი დღეს საქართველოს ეწვია

ესტონეთის პრეზიდენტი თბილისში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში უშიშროების პოლიტიკის საკითხებზე.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ოთხშაბათს თბილისს ეწვია, რათა მონაწილეობა მიიღოს უშიშროების პოლიტიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კალიულაიდის ვიზიტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შემკობის ცერემონიით დაიწყება. შემდეგ გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. კალიულაიდის პატივსაცემად პრეზიდენტის სასახლეში სამუშაო სადილი გაიმართება.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია ყველა საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, ჩვენ პარტნიორთან დაგეგმვა იმ შემდგომი ნაბიჯებისა, რომლებიც კოორდინირებულად უნდა გადაიდგას, ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

„თავისუფლების სიყვარული“ - საქართველოს და ესტონეთის საერთო ღირებულებები

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ჯერ კიდევ მაისის ბოლოს მოიწვიეს, რათა მონაწილეობა მიეღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის საიუბილეო ღონისძიებებში, თუმცა მან კიევში ჩემპიონთა ლიგის მატჩის ნახვა ამჯობინა. მაშინ პრეზიდენტის ნაცვლად თბილისს ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორი ეწვია.

კერსტი კალიულაიდი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩამოვიდა.

საქართველომ და ესტონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, უშიშროებისა და თავდაცვის სფეროებში.