პრეზიდენტი: დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს კომისია უკვე იხილავს

დეკანოზს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე განაცხადი უკვე შესულია შესაბამის კომისიაში, იუწყება ტელეკომპანია Imedi

საპატრიარქო: დეკანოზ მამალაძეს აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს

პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების განხილვას გეგმავდა. მას დეკანოზის შეწყალების თხოვნით ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა უკვე მიმართეს.

მამალაძის ოჯახის წევრები და ადვოკატები პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ>>>

„მამალაძის შეწყალების საკითხი განხილვაშია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებას მივიღებ", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

დეკანოზს ბრალად ედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, დეკანოზ მამალაძეს აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს. საპატრიარქოს განმარტებით, დეკანოზის წარმოჩენა სიმართლისათვის დევნილად და კორუფციასთან მებრძოლად მიზნად ისახავს როგორც ეკლესიისა და სასულიერო დასის დისკრედიტაციას, ასევე დეკანოზის შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენას პრეზიდენტსა და საზოგადოებაზე.