თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
230 ბენეფიციარის მომსახურებაზე გათვლილი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო ცენტრი თბილისში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი, საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, კონკრეტულად მათზე მორგებულ სერვისებს და პროგრამებს შესთავაზებს.
ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტებული იქნება უცხოეთიდან მოწვეული ტრენერების მიერ გადამზადებული პროფესიონალებით. ახალ ცენტრში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ექნებათ ყველანაირი პირობა ზრდისა და განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე, 230 ბენეფიციარს უფასოდ მოემსახურება.
ცენტრის მოსაწყობად 983 200 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
აუტიზმი ტრაგედია არ არის, ტრაგედია უვიცობაა >>