თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს, განაცხადა დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.
შსს ბახტაძის დავალებას ასრულებს: რა აკრძალვები დაწესდება მარიხუანის მოხმარებაზე>>>
საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს პარლამენტის წინააღმდეგ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიძის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა. რაც შეეხება კულტივაციას, ის სისხლის სამართლის დანაშაულად რჩება.
„საუბარია მხოლოდ საექსპორტოდ მარიხუანის სამკურნალო მიზნით კულტივაციაზე. ის ტერიტორიები, რომლებზეც ლიცენზია გაიცემა, საქართველოს შსს-ს მიერ მკაცრად გაკონტროლდება, თუმცა, ეს ჯერ ვერსიაა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისი სიტყვებით, იდეის საბოლოო ვერსია ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც საქართველოს შსს პროექტზე მუშაობას დაასრულებს, რომელიც მარიხუანის კულტივაციისთვის შეზღუდვების დაწესებას ეხება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხზე კომენტარი გააკეთა. უწყებაში ადასტურებენ, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს.
„მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას. გარდა ამისა, შსს-ს მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანის მოხმარებას ზღუდავს. მთავრობა ასევე განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანის გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით", - განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანას სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება.
ასევე დასჯადი იქნება მარიხუანის მოხმარება არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში. ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის - პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და ა.შ.