თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მართველი სახელისუფლებო გუნდისთვის ღირებულია, რომ პრეზიდენტი იყოს არა "ქართული ოცნებიდან", ანუ მას არ ჰქონდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარტიასთან, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს>>>
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა არ წამოუყენებია და მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა. ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს 9 სექტემბერს გამართული სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს.
"საპრეზიდენტო არჩევნები კარს არის მომდგარი და ვიმსჯელებთ, რა ფორმით ჩავერთვებით ამ არჩევნებში. ეს ყველაფერი კანონმდებლობის ფარგლებში მოხდება. რადგან განვაცხადეთ, რომ მხარს დავუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს იმისთვის, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში ქალბატონმა სალომემ გაიმარჯვოს", – განაცხადა სესიაშვილმა.
8 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა. ცესკოში ამ ეტაპზე სულ 46 განაცხადია შესული, მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია. საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.
2018 წელს პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შევა კონსტიტუციაში შესწორებები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ის დარჩება ქვეყნის მეთაური და მთავარსარდალი, ყველა გადაწყვეტილებას ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღებს. პრეზიდენტი პირადად გადაწყვეტს საკითხებს მხოლოდ შეწყალების, ამნისტიის, პარლამენტის დადგენილებების ვეტოს და რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ.
განახლებული კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საქართველო მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავა.