მიზანი – 1 მილიარდი დოლარი: საქართველო და სომხეთი ტვირთბრუნვას გაზრდიან

საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მეთაურებმა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს, განსაკუთრებით, ვაჭრობის სფეროში.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველო და სომხეთი ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ, განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ერევანში ორშაბათს დაიწყო. საერთაშორისო აეროპორტ "ზვარტნოცში" ქართველ სტუმრებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი დახვდა.

საქართველო და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდებიან?>>>

„დღეს მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გაიმართა. ჩვენ მნიშვნელოვანი და ამბიციური საკითხები განვიხილეთ. ბრწყინვალე და კარგი ურთიერთობებია, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ ეკონომიკური კომპონენტი ჩვენი პოლიტიკური კავშირების დონემდე მივიყვანით", – ციტირებს ფაშინიანს "Sputnik–სომხეთი".

მამუკა ბახტაძემ ციფრებზე გაამახვილა ყურადღება.

პირველი შეხვედრა – რაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა

„სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვამ 2017 წელს 489 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, 2018 წლის პირველ ნახევარში კი 292 მილიონი აშშ დოლარია", – აღნიშნა ბახტაძემ.

მისი სიტყვებით, ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გაზრდის სამოქმედო კონკრეტული გეგმის შემუშავებით მთავრობათაშორისი კომისია დაკავდება, რომლის სხდომაც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაიმართება.

ბახტაძე-ფაშინიანის შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო ვაჭრობის, ტურიზმის, ეკონომიკის, ინოვაციებისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს.

ბახტაძემ სომეხ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

საქართველოს პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში მისი ოფიციალური ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. მან მზადყოფნა გამოთქვა, რეფორმების გატარების გამოცდილება გაუზიაროს მეგობარ სახელმწიფოს.

ეს შემთხვევითი არაა – ფაშინიანი საქართველოში თავის პირველ ვიზიტზე>>>

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბახტაძის შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან არმენ სარქისიანთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან არა ბაბლოიანთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი და რუსლან პოღოსიანი შედიან.

მანამდე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი 30-31 მაისს იმყოფებოდა.

საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. მხარეები თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ვაჭრობის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.