კალაძე: მომავალ წელს უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ

მერია ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტის დასრულებას წლის ბოლომდე ვარაუდობს.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. გზების შეკეთების პირველი ეტაპი საქართველოს დედაქალაქში 15 სექტემბრისთვის დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

„სამუშაოების პირველი ნაწილი 15 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. რამდენიმე დღეში ღამის საათებში მეორე ფენის დაგებას დავიწყებთ. შემდეგი ეტაპი უკვე არის ბორდიურების შეკეთება”, – აღნიშნა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბრისას. 

კალაძის შეფასებით, ამ მასშტაბის სამუშაოები თბილისში ბოლო წლებში არ განხორციელებულა.

კალაძის ინიციატივა: ყოველკვირეული ღია ბაზრობები თბილისში გარემოვაჭრეების ნაცვლად

„სტატისტიკა აშკარაა, რომ დღეს ორჯერ მეტი კეთდება, ვიდრე გასულ წელს. მომავალ წელს კი უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქალაქს დაეტყოს ხელი“, — თქვა თბილისის მერმა.

მან დაამატა, რომ გაკეთებულის მიუხედავად პრობლემები ძალიან ბევრია. „პრობლემებია სხვადასხვა მიმართულებებით — საკანალიზაციო, სანიაღვრე პრობლემები, წყლის პრობლემები. შესაბამისად, ჩვენ სადაც შევდივართ და ვაწარმოებთ ამ სამუშაოებს, ძირეულად ვცვლით ყველაფერს. ვაწესრიგებთ კანალიზაციას, წყლის პრობლემას ვაგვარებთ ადგილობრივ მოსახლეობაში და შემდეგ უკვე ხდება მოასფალტება“, — განმარტა კალაძემ. 

რაც შეეხება მეორე ეტაპს, კახა კალაძის თქმით, ეს იქნება უკვე ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, გარე განათებები და ა.შ. ცენტრალურ ქუჩებზე 15 სექტემბრისთვის ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდული აღარ იქნება. მაგალითად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთი მიმართულება უკვე დასრულებულია და მეორე მიმართულების მოასფალტება უახლოეს მომავალში დაიწყება, განაცხადა კალაძემ.

თბილისის იერსახის დამახინჯებაზე სანქციები გამკაცრდა

თბილისის მერიის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ბარათაშვილის აღმართის, რობაქიძის გამზირის, შარტავას და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს კაპიტალური რეაბილიტაცია. 

მერიამ დედაქალაქის გზებზე სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყო. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტის დასრულებას კი წლის ბოლომდე ვარაუდობენ.