ყველაზე ამბიციურები მსოფლიოში – საქართველო ახალი რეალობის წინაშე

ანუ აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შანსი
Sputnik

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების სიას თუ გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი რაჭველები არა მხოლოდ ყველაზე სწრაფები არიან მსოფლიოში, არამედ ჩვენ ვართ ყველაზე ამბიციური ხალხიც – 3-მილიონ-ნახევარ ადამიანზე პრეზიდენტობის 46 კანდიდატი მოდის, 10-ჯერ 46 კი გულში ფიქრობს, პრეზიდენტობას მე უკეთ შევძლებდიო, მაგრამ ხელმოწერების შეგროვება ეზარება. ასე რომ, ჩვენ ბედნიერ ქვეყანაში ყოველ 80 ათას ამომრჩეველზე 1 პრეზიდენტობის კანდიდატი მოდის და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ნამდვილად შეგვიძლია ამით არა მხოლოდ ევროპა გავაოცოთ.

აი, ვინც პრეზიდენტობა მიზნად დაისახა, 7 წელი ელოდა და ბოლოს საწადელს მიაღწია – სალომე ზურაბიშვილია, სახელოვანი ემიგრანტების შთამომავალი და გამოცდილი ევროპელი დიპლომატი. პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ გვამცნო, რომ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის შეკრების გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს. თუმცა, ეს ამბავი უკვე ორი თვეა საიდუმლო აღარავისთვისაა. სარწმუნოა ის ინფორმაციაც, რომ ზურაბიშვილი საკუთარ კანდიდატურას ჯერ კიდევ 2013 წელს სთავაზობდა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიას, მაგრამ მაშინ გიორგი მარგველაშვილმა იყოჩაღა...

მმართველი პარტია არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად ყველა რესურსს გამოიყენებს

საქართველოს არ ახსოვს ასეთი არჩევნები – როდესაც რომელიმე კანდიდატის განსაკუთრებული უპირატესობა გამოკვეთილი არ არის. სამწუხაროა, რომ ქართულმა პოლიტიკამ ვერ შვა ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომელიც განსხვავებულ, ახლებურ ხედვას შესთავაზებდა ამომრჩეველს. ბუნებრივია, ასეთი ადამიანები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არიან, მაგრამ მათ არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური მხარდაჭერა, არამედ საგარეო კონტაქტები და ფინანსებიც სჭირდებათ. იმედია, ასეთი ტიპის ახალ პოლიტიკოსებს საპარლამენტო არჩევნებზე მაინც ვიხილავთ...

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, 46  პრეზიდენტობის კანდიდატიდან, რომელთა უმეტესობის გვარ-სახელი არც კი „იგუგლება“, სამი სააკაშვილისდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრია და ეს, ბუნებრივია, მათ პოლიტიკურ გამოცდილებაზე მეტყველებს. ორი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი, შესაძლოა, დიდი ელექტორატით ვერ მოიწონებენ თავს, მაგრამ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური წონა და საკუთარი მხარდამჭერები ჰყავთ.

ხუხაშვილი: სალომე ზურაბიშვილი გასართობი იქნება და ცოტა ვიმხიარულებთ მაინც

თვალშისაცემია, რომ ყველაზე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე აწარმოებენ. შესაბამისად, თუ მეორე ტურის ალბათობა იარსებებს, ყველაზე დიდი შანსიც, სავარაუდოდ, მათ ექნებათ. აქ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიური იქნება მმართველი პარტია და რამდენად სერიოზული ფინანსების მობილიზებას შეძლებს სალომე ზურაბიშვილი. ყველა შემთხვევაში საქართველო ახალი, საინტერესო რეალობის წინაშე დგება – ქალი პრეზიდენტის რეალობის წინაშე, და სადაც არ უნდა ჰქონდეს მას რეზიდენცია და როგორი უფლებებიც არ უნდა განესაზღვროს კონსტიტუციით, პრეზიდენტი საქართველოში მაინც იქნება ტონის მიმცემი პოლიტიკური პროცესებისთვის. ჩვენ კი წინ ძალზე საინტერესო ორი თვე და წინასაარჩევნო კამპანია გველოდება.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!