ბიჭები, რომელთაც ჟესტების ენის მთარგმნელი ხელთათმანი გამოიგონეს

თითოეულ ადამიანს უფლება აქვს საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იგრძნოს თავი. სმენადაქვეითებულ ადამიანებს კი საზოგადოებასთან ერთიერთობისას მრავალი ბარიერი ექმნებათ...
Sputnik

ახალგაზრდებმა გიორგი ბესტავაშვილმა და ბექა ბაბუნაშვილმა გადაწყვიტეს ჟესტების ენის მთარგმნელი ხელთათმანი შეექმნათ და ამით იმ ადამიანებს დახმარებოდნენ, რომლებისთვისაც ყოველდღიურობა ნათელ ფერებს ნაკლებად იმეტებს…

ხელთათმანი, რომელიც ჟესტების ენას თარგმნის

– რატომ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ჟესტების ენის მთარგმნელი ხელთათმანი?

გიორგი — ჩვენს მეზობლად არის ერთადერთი სკოლა ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის. მის გვერდით ჩავლისას თვალში გვხვდებოდა, რომ  ბავშვები მხოლოდ ერთმანეთს ესაუბრებოდნენ  და საზოგადოებასთან კონტაქტი უჭირდათ. დღეს ხომ საზოგადოებაში  ჟესტების ენა ძალიან ცოტა ადამიანმა იცის.  სწორედ აქედან გაჩნდა იდეა – სურვილი გაგვიჩნდა ისეთი რამ მოგვეფიქრებინა, რაც მათ ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტს გაუგადვილებდა და გადავწყვიტეთ ჟესტების ენის მთარგმნელი ხელთათმანები შეგვექმნა. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათ ცხოვრებას.

გიორგი ბესტავაშვილი

– ეხლა რა ეტაპზეა თქვენი პროექტი?

ბექა  — პროტოტიპის შესაქმნელად დაახლოებით 4-5 თვე დაგვჭირდა. ამჯერად ვმუშაობთ ახალ პროტოტიპზე, რომელსაც თითქმის საბოლოო სახე ექნება.

– მსოფლიოში თუ არსებობს  თქვენი პროექტის  ანალოგი?

გიორგი — მსგავსი ტიპის პროექტი არსებობს, თუმცა, ბაზარზე გაყიდვაში არ არის. ჩვენი პროტოტიპი კი უფრო დახვეწილია და ყველა სეზონსა  თუ ადგილზეა მორგებული.

– როგორ მუშაობს ხელთათმანი?

გიორგი — ხელთათმანებზე დაყენებული სენსორები აღიქვამს თითების მოძრაობას და ასევე ხელის მოძრაობას ჰაერში, რისი კომბინაციაც ჟესტის აღქმას გვაძლევს, რაც შემდეგ დინამიკით ხმოვანდება.

ხელთათმანი, რომელიც ჟესტების ენას თარგმნის

– ბაზარზე როდის აპირებთ მის ჩაშვებას და რა ეღირება?

ბექა — ბაზარზე იმედი გვაქვს, რომ 2019 წლის დასასრულამდე ჩავუშვებთ.  ფასი დაახლოებით 500-დან 1000–მდე იქნება.

– საზოგადეობის მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს პროექტს?

გიორგი — საზოგადოებისგან საკმაოდ დადებითი რეაქცია მივიღეთ, რაც ჩვენთვის დამატებით მოტივაციაა.  ამავდროულად,  ბევრი ადამიანი ცდილობდა, რომ გვერდში დაგვდგომოდა და თავიანთი წვლილი შეეტანათ ჩვენი პროექტის განვითარებაში.

– სახელი რის მიხედვით აარჩიეთ?

ბექა —პროექტის სახელი Sign&Sound, ჩემი აზრით, პირდაპირ გადმოსცემს პროექტის შინაარსს – „ჟესტი და ხმა“, ხელთათმანი, რომელიც ჟესტს ხმად გარდაქმნის.

თქვენ social impact award-ის გამარჯვებულები გახდით. გვიამბეთ ამის შესახებაც?

ბექა — ამ პროექტმა მოგვცა რეალური შანსი თავი წარმოგვეჩინა. ბიზნეს–პროექტზე, პროტოტიპსა და მარკეტინგზე ხუთი თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით. ყოველივე ამაში მნიშვნელოვანი როლი ჩვენმა მენტორმა თენგო ლომიტაშვილმა ითამაშა.

Social Impact award–ში გამარჯვების შემდეგ მიგვიწვიეს World Summit Awards Global Congress 2018–ზე, რომელიც ჩატარდა ვენაში გაიმართა. კონგრესსზე გატარებულმა თითოეულმა დღემ  ჩვენ დიდი გამოცდილება შეგვძინა, რაც თავისთავად წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის.

სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?

გიორგი — მე და ბექამ Stipendium Hungaricum —ის სტიპენდია მივიღეთ  და სწავლას ბუდაპეშტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გავაგრძელებთ. ბუდაპეშტში ყოფნის დროს კი ასევე გავაგრძელებთ პროექტზე მუშაობას.

 

ნინი რაზმაძე