წულუკიანის გადაწყვეტილება - უწყებათაშორისი კომისიის წევრებს სხდომაზე ტელეფონები ჩამოართვეს

წულუკიანის განმარტებით, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გაკეთებული, რომ სხდომის მიმდინარეობის დროს სხდომის წევრებს Facebook-ლაივები არ ჩაერთოთ.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. უწყებათაშორისი კომისიის წევრებს პარასკევს გამართულ სხდომაზე მობილური ტელეფონები არ შეატანინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

კომისიის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც უსაფრთხოების კონტროლის გავლისას ტელეფონები დაატოვებინეს.

აღნიშნული საკითხი სხდომის  წევრებმა სხდომაზე დააყენეს. წულუკიანის განმარტებით, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გაკეთებული, რომ სხდომის მიმდინარეობის დროს მათ  Facebook-ლაივები არ ჩაერთოთ.

სმს-შეტყობინება არჩევნების დღეს: უწყებათაშორისი კომისია საქმეს შეისწავლის

„იყო არაერთი საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება, რომ ესა თუ ის პირი, რაკი ჟურნალისტებს არ ვუშვებთ სხდომის მიმდინარეობისას და მხოლოდ კომენტარებით შემოვიფარგლებით მათთან, ლაივით გადასცემდნენ და ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მივიღეთ გადაწყვეტილება“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით,  ეს არის პრივილეგირებული ფორმატი პარტიებისთვის და არ დაუშვებს, რომ უწყებათაშორისი კომისია ვინმემ  შოუდ აქციოს.

უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 ივლისს შეიქმნა, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს.

უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მეხუთე სხდომა 7 სექტემბერს გამართა. სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.