თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობისთვის ბრალდებული, განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.თ. დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადასტურდა, 2017 წლის 23 სექტემბერს, ღამის საათებში, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.თ. თანხის გამოძალვის მიზნით თბილისში თავს დაესხა ტაქსის მძღოლს გ.ო.-ს, დანა დაადო გულმკერდის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გამოსძალა გამომუშავებული ფულადი თანხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.თ ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რის შედეგადაც ბრალდებულს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.