თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ტყიბულში არსებულ შახტებში შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ სიტუაციას გერმანული კომპანია DMT Group შეისწავლის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გერმანულ კომპანიას საქმიანობის 140-წლიანი გამოცდილება აქვს.
კომპანიის ექსპერტები შახტების შესწავლას, სავარაუდოდ, ორ კვირაში დაიწყებენ. ექსპერტიზის მიზანია – გაარკვიოს შახტებში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობა და ობიექტების უსაფრთხოება შეისწავლოს. აქედან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა ტყიბულის შახტები ფუნქციონირებას.
მოწვეული სპეციალისტების ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, საუბარია 50 ათას ევროზე.
უცხოელი ექსპერტების მოწვევის გადაწყვეტილება 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ იქნა მიღებული.
სულ 2017-2018 წლებში ტყიბულის შახტებში უბედური შემთხვევების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
გერმანული კომპანია DMT Group-ის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება სამმხრივი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
სხდომას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ელგუჯა მელაძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ.