თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, იტყობინება შსს-ს პრეს-სამსახური.
სამართალდამცველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში 28 წლის გ.ტ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან დათესილი 14 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი, დამხმარე სათავსოდან ერთი ძირი, ხოლო სახლის მანსარდიდან დიდი ოდენობით გასაშრობად გამზადებული კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.