თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა საზღვაო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს გადაარჩინეს 316 ადამიანი – საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 5 ივნისიდან 5 სექტემბერის ჩათვლით საქართველოს შავ ზღვასა და მდინარეებში 51 ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულებს შორის უმრავლესობა - 27 ადამიანი მდინარეებში დაიხრჩო, 10 – ზღვაში, ხოლო 14 – ტბაში.
რაც შეეხება გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკას, მაშველებმა ზღვაში დახრჩობას 240 ადამიანი გადაარჩინეს, მდინარეში დახრჩობას – 27, ტბაში - 49.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 200-მდე მაშველი შეარჩია და გადაამზადა.
მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით საბანაო პერიმეტრზე დამატებით განთავსდა 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა. ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც დამსვენებლები ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ იღებენ ინფორმაციას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაემორჩილონ საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს.