სიღნაღში სოციალურად დაუცველთა თანხები მიითვისეს – დაკავებულია კომისიის მდივანი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა თაღლითური გზით 1450 ლარი მიითვისა.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიუჯეტის თანხის მითვისებისთვის ორი კომპანიის დირექტორი დააკავეს

უწყების ცნობით, დაკავებული ნათია პ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანია.

„ნათია პ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი პირების მონაცემების გაყალბების გზით, თაღლითურად დაეუფლა აღნიშნულ პირთათვის განკუთვნილ სოციალური დახმარების თანხებს. სულ თაღლითური გზით მითვისებულია 1450 ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის, თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე. აღნიშნული დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.