რა დატვირთვა აქვს ხის ნივთებს – ქართველი ინოვატორის მიერ შექმნილი ბრენდი

„ვუდსი” საუცხოო ხელნაკეთი ხის ბაფთების და გულსაბნევების ბრენდია. აქ საინტერესოსთან ერთად ბევრ ორიგინალურ ნივთს აღმოაჩენთ.
Sputnik

შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, რამდენად მოსახერხებელი და სასიამოვნოა ხის ბაფთების ტარება. ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელი დავით რატიანი თავად მოგითხრობთ.

რა დატვირთვა აქვს ხის ნივთებს – ქართველი ინოვატორის მიერ შექმნილი ბრენდი

— პროფესიით იურისტ-ეკონომისტი ვარ. დავამთავრე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების გერმანულენოვანი ფაკულტეტი. ვმუშაობდი სხვადასხვა საერთაშორისო ავიაკომპანიაში – „ავსტრიის ავიახაზები“, „ლუფთჰანზა გერმანიის ავიახაზები“, „ყატარის ავაიხაზები“. უცხოელ სტუმრებთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ და დაკვირვებამ, თუ რა აინტერესებთ, რა მოსწონთ მათ, მიბიძგა შემექმნა რამდენიმე პროდუქტი, რაც საინტერესო იქნებოდა როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ისე ადგილობრივი მომხმარებლისთვის.

– ამ ფაქტმა განაპირობა, რომ ხის ბაფთების წარმოება დაგეწყოთ?

— ყოველთვის ვცდილობ ინოვაციურ პროდუქტს მოვკიდო ხელი, რომელიც არცთუ ისე პოპულარულია, თუმცა აქვს პოტენციალი. ხის ბაფთების იდეაც აქედან წამოვიდა. ბაფთა, რომელიც ნატურალური ხისგან არის დამზადებული, რომელიც მაძლევს საშუალებას ხელით დავამუშავო, მოვახდინოთ სხვადასხვა ფორმების, ფიგურების გამოჭრა და ვიზუალის შექმნა, უფრო მიმზიდველია ჩემთვის, ვიდრე სტანდარტული ნაჭრის ბაფთა. თავდაპირველ ბაფთას და ახლანდელ ბაფთას შორის რომ ვატყობ განსხვავებას, ძალიან მიხარია, რადგან ყოველდღიურად ვვითარდებით, ახალი იდეები მომდის, ამაში მომხმარებლის კომენტარები და შენიშვნებიც მეხმარება. „ვუდსის“ მიერ წარმოებული ხის ბაფთები არ იღებება აცეტონის შემცველი საღებავებით, უსაფრთხოა როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ვაძლევ უფლებას, თავად ჩაერთოს პროდუქტის შექმნის პროცესში და მასთან ერთად გავაკეთოთ ბაფთა ან გულსაბნევი, თავისივე გემოვნებით. სასაჩუქრე ყუთებზე და ბაფთებზე ტექსტის, ლოგოს და ნახატის გრავირება ჩვენი უპირატესობაა, რითიც ვათამამებთ მომხმარებელს.

რა დატვირთვა აქვს ხის ნივთებს – ქართველი ინოვატორის მიერ შექმნილი ბრენდი

– ბიზნესის წამოწყებაში ვინმე დაგეხმარათ?

— ბიზნესის წამოწყება 100 პროცენტით საკუთარი ხარჯებით მოხდა. ჩვენი პროდუქტის პოპულარიზაციაში განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ შესანიშნავად ორგანიზებულმა სამეწარმეო მარკეტებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რომელიც „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში ტარდება. მსგავსი მარკეტები ძალიან უწყობს ხელს მცირე მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის მომხმარებლისთვის გაცნობაში და თვითდამკვიდრებაში. 

რა დატვირთვა აქვს ხის ნივთებს – ქართველი ინოვატორის მიერ შექმნილი ბრენდი

– რატომ მიანიჭეთ ხეს უპირატესობა და რატომ მაინც და მაინც ბაფთები?

— გამომდინარე იქიდან, რომ არ გამოგვსვლოდა „ველოსიპედის“ ხელმეორედ გამოგონება, გადავწყვიტეთ უკვე არსებული პოპულარული პროდუქტი ბაფთა ჩაგვენაცვლებინა იმ მასალით, რომელიც გამოარჩევდა ჩვენ მიერ შექმნილ პროდუქტს სხვებისგან. ხის მასალა ნატურალურია და მსუბუქი (დამუშავების შემდეგ). სხვადასხვა აპარატების დახმარებით ვახდენთ მის გრავირებას, რომელიც განსხვავებულ იერს სძენს ბაფთას. ჩვენი ბაფთები ხაზს უსვამს ადამიანების ინდივიდუალურობას.

რა დატვირთვა აქვს ხის ნივთებს – ქართველი ინოვატორის მიერ შექმნილი ბრენდი

– რომელი ხის მასალით იქმნება ბაფთები?

— ამ მხრივაც მრავალფეროვნება გვაქვს. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ წიფლის, კაკლის ხის და ფანერისგან დამზადებულ ბაფთებს და გულსაბნევებს. არჩევანს მომხმარებელი აკეთებს. 

– რა ეტაპებს გადიხართ, სანამ ნივთი დასრულებულ სახეს მიიღებს, როგორ იქმნება თითოეული მათგანი?

— თითოეული ბაფთის შესაქმნელად საჭიროა ჯერ მოხდეს ესკიზის შექმნა, დამუშავება CorelDraw პროგრამაში. ამ ესკიზის შექმნას სჭირდება ყველაზე მეტი დრო. თუ ფანერას ირჩევს მომხმარებელი, შემდეგ ხდება ლაზერით ფიგურების გამოჭრა, ხოლო თუ წიფლის ან კაკლის მასალისგან სურს, ხელით უნდა გამოიჭრას და დამუშავდეს. ამის შემდეგ ხდება ფიგურების აწყობა, ერთი ბაფთა შეიძლება შედგებოდეს 5-7 ან უფრო მეტი დეტალისგან. დამკვეთის სურვილისამებრ ვახდენთ მის მოხატვას. სულ ახლახან პირველად ვცადეთ და დიდი მოწონება დაიმსახურა თხევადი რეზინის გამოყენებამ. სპეციალურად დაჭრილ ფორმაში ვასხამთ თხევად (ეპოქსიდის) რეზინს, ვაძლევთ ფორმებს და შეფერილობას. გაშრობის შემდეგ აქვს სარკისებრი ეფექტი და ძალიან ორიგინალურია.

რა დატვირთვა აქვს ხის ნივთებს – ქართველი ინოვატორის მიერ შექმნილი ბრენდი

– სხვა ნივთების წარმოება არ გიცდიათ?

— რადგან ინოვაციების მოყვარული ვარ, მიმაჩნია, რომ თუ ვქმნი პროდუქტს, ის უნდა იყოს უკვე არსებული პროდუქტისგან განსხვავებული. ბაფთების წარმოებამდე მქონდა და მაქვს კომპანია „ალკომეტრი“, რომელიც ახდენს ყურძნის ჭაჭის დისტილაციით მიღებული არყის ჩამოსხმას განსხვავებულ ფორმებში — 20 სმ, 25 სმ, 0,5-მეტრიან და ერთმეტრიან შუშის მილებში — სლოგანის შესაბამისად „სვი ჭაჭა მეტრობით“. ეს პროდუქტიც უნიკალურია ქართულ ბაზარზე, რადგან ანალოგი არ აქვს. ზემოხსენებული ფორმები გვეხმარება ორიგინალურ სასაჩუქრე შეფუთვაში მოვაქციოთ ქართული ჭაჭის არაყი და მივაწოდოთ მომხმარებელს. „ალკომეტრშიც“ ვიყენებთ ხის სადგამებს მილებისთვის და ხის სასაჩუქრე ყუთებს.

რა დატვირთვა აქვს ხის ნივთებს – ქართველი ინოვატორის მიერ შექმნილი ბრენდი

– როგორ მიიღო საზოგადოებამ ეს სიახლე, მოსწონთ ხის ბაფთები?

— ჩვენ პროდუქციას არ გასჭირვებია ბაზარზე ფეხის მოკიდება, რადგან გამოირჩევა დახვეწილი ვიზუალით და დამუშავებით. თითოეული დეტალი ხელით მუშავდება და ეწყობა. აქედან გამომდინარე, ინტერესი გამოჩენის დღიდანვე გაუჩნდა მომხმარებელს. ძალიან ბევრი უკვეთავს საკუთარი გემოვნებით და ჩვენ ვეხმარებით ვიზუალის შედგენაში. უამრავი სასაჩუქრე ყუთი დამზადდა ტექსტით და კომპანიის ლოგოებით, რომელიც გადასცეს კომპანიის მესვეურებმა თავიანთ თანამშრომლებს და სტუმრებს. კორპორატიული კლიენტებისთვის იდეალური ვარიანტია აჩუქონ ქართული პროდუქტი როგორც თანამშრომლებს, ისე უცხოელ სტუმრებს. ჩვენი ბაფთებით იმსხვრევა სტერეოტიპი, რომ ბაფთა უნდა გაიკეთო მხოლოდ ფრაკზე და ისიც როცა მეჯლისზე მიდიხარ. ჩვენი ბაფთები იდეალურად ჯდება ყოველდღიურ რეჟიმში და უხდება ნებისმიერ ტანსაცმელს.

რა დატვირთვა აქვს ხის ნივთებს – ქართველი ინოვატორის მიერ შექმნილი ბრენდი

– სად იყიდება თქვენი ბაფთები?

— ამ ეტაპისთვის ხდება შეკვეთების ონლაინ რეჟიმში მიღება და მიწოდება თბილისის მასშტაბით უფასოდ, ხოლო რეგიონებში „საქართველოს ფოსტის“ დახმარებით. ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა მარკეტებში, საკვირაო ბაზრობებში, რასაც წინასწარ ვაანონსებთ ხოლმე.

– როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვს ხის ბაფთებს და რატომ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა?

— ვისაც სურს, რომ გამორჩეული იყოს და თავის ინდივიდუალიზმს გაუსვას ხაზი, ნამდვილად უნდა შეიძინოს ჩვენი ხის ბაფთები. თუ შეძენის შემდეგ ვინმესგან მიიღებს უარყოფით შეფასებას, თუ არ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, ჩვენ მზად ვართ უკან ჩავიბაროთ დაწუნებული პროდუქტი.

რა დატვირთვა აქვს ხის ნივთებს – ქართველი ინოვატორის მიერ შექმნილი ბრენდი

– მხოლოდ მამაკაცები ყიდულობენ „ვუდსის“ ბაფთებს?

— არავითარ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს სამი ხაზი – მამაკაცის, ქალის და ბავშვის ზომის ბაფთები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც ყველაზე ძალიან გვახარებს და თამამად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ მიერ შექმნილი გულსაბნევები ძალიან მოიწონეს მამაკაცებმა და ბევრმა შეიძინა. გვინდოდა დაგვერღვია ის სტერეოტიპი, რომ გულსაბნევი მხოლოდ ქალბატონებმა უნდა ატარონ. ჩვენ მიერ შექმნილი გულსაბნევი მამაკაცისთვის იდეალურია კოსტიუმზე დასამაგრებლად და შესაბამისობაში მოდის ხის ბაფთასთან.

რა დატვირთვა აქვს ხის ნივთებს – ქართველი ინოვატორის მიერ შექმნილი ბრენდი

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— ჩვენთვის ყოველი დღე იწყება ახალი გეგმებით, ახალი იდეებით და მათი განხორციელებით. ისეთი პროდუქტია, რომ თუ სტანდარტული ერთი ხაზი აწარმოე, აუცილებლად დაკარგავს ინტერესს, ამიტომ მუდამ სჭირდება განახლება, ინოვაციური ელემენტების შეტანა და ა.შ. გვსურს ხეზე საბეჭდი აპარატის შეძენა, რომლითაც შეიძლება ფერადი ნახატის გრავირება, გადატანა ხის მასალაზე, რაც უფრო მრავალფეროვანს გახდის ჩვენ პროდუქტებს და უფრო მეტი მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებას შევძლებთ.