მოქალაქის ჭაში ჩავარდნის გამო მერიას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

საკანალიზაციო ჭაში გატარებული 18 საათისთვის მოქალაქეს მერიისგან და მისი კონტრაქტორისგან 6 ათას ლარამდე კომპენსაცია ეკუთვნის.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. მოქალაქისთვის საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნის შედეგად მიღებული მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერიას და „თბილსერვის ჯგუფს“ ჯამში 6 000 ლარამდე კომპენსაციის  გადახდა დააკისრა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხეებს, შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ მოქალაქისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

შემთხვევა თბილისში: თავღია ჭაში მამაკაცი ჩავარდა

2014 წლის 1 ივლისს ღამის საათებში მოქალაქე 5-6 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა თბილისში არსებულ ერთ-ერთ საკანალიზაციო ჭაში (წყალარინში), სადაც 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მოქალაქის ჭაში ჩავარდნა გამოიწვია ჭის თავსახურის დაზიანებამ. 

„საფრთხის არსებობის შესახებ ჭასთან არ იყო განთავსებული რაიმე ტიპის აღნიშვნა, რაც დაზარალებულს აფიქრებინებდა საფრთხის შესახებ. შემთხვევის შედეგად მოქალაქეს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა და გრძელვადიანი სამედიცინო მკურნალობა“, — განაცხადეს ორგანიზაციაში.

მერიისა და მისი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ დაზარალებული არ მოძრაობდა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ჭა იყო დახურული, ასევე არ მიმდინარეობდა ჭის რემონტი ან რეაბილიტაცია, შესაბამისად, ჭასთან არ ყოფილა გამაფრთხილებელი ნიშნების საჭიროება. ამასთან, მათი განცხადებით, თბილისში არის 30 000-მდე ჭა და მათი ყოველდღიური კონტროლი შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოსთვის.

მაშველებმა თხრილში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს

სასამართლომ  მერიის არგუმენტები არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ არსებობდა მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები. კერძოდ, თბილისში განთავსებული სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა-პატრონობაზე  მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ატარებს ტენდერს და გამარჯვებულ კომპანიასთან დებს ხელშეკრულებას. სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა-პატრონობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებს 2014 წლიდან შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით.

თბილისის მერიის ცნობით, „თბილსერვის ჯგუფმა“ მოქალაქეს კომპენსაცია უკვე გადაუხადა, ხოლო დედაქალაქის მერია კი დაკისრებულ თანხას დაზარალებულს ხვალ ჩაურიცხავს.