სამართალდამცველებმა გაუპატიურების მცდელობისთვის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს

შსს-ს მიერ სამხედრო მოსამსახურისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, ის თავდაცვის უწყებიდან დაითხოვეს
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

37 წლის ხვიჩა შარაშენიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს.

ანაკლიაში ჩადენილი გაუპატიურებისთვის ძებნილი თბილისის აეროპორტში დააკავეს

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ბრალდებულმა, 1988 წელს დაბადებული თ.ც.-ს გაუპატიურება სცადა. მსხვერპლმა ბრალდებულ ხ.შ.-ს წინააღმდეგობა გაუწია და ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, — აცნობეს ტელეკომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროში.

პოლიციამ ბრალდებული იმავე დღესვე დააკავა. 

გამოძიება გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაუპატიურებაში ბრალდებულს ექვსნახევარი წლით პატიმრობა შეეფარდა

თავდაცვის სამინისტროში ტელეკომპანიას აგრეთვე განუცხადეს, რომ შსს-ს მიერ სამხედრო მოსამსახურისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, ის თავდაცვის უწყებიდან დაითხოვეს. 

ბრალდებული სამხედროს დამ, ნათია შარაშენიძემ Facebook-ზე დაწერა პოსტი, რომელშიც თავისი ძმის უდანაშაულობაზე წერს და ამბობს, რომ საქმე „შეკერილია". ის ასევე წერს, რომ მისი ძმა მსახურობდა კოსოვოში, ავღანეთში და არის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. 

„კაცი რომელიც 15 წელი ქვეყნის ღირსებას იცავს, სამშობლოს იცავს, დაკავებულია არაფრის გამო, ხელში მიჭირავს შეთითხნილი საქმე. საჯიჯგნად არ დაგანებებთ ჩემს ძმას. ჩემი ძმა უდანაშაულოა!!! საქმე შეკერილია!! თავისუფლება ხვიჩა შარაშენიძეს!“ — დაწერა ნათია შარაშენიძემ. ნათია შარაშენიძე წარსულში საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო.