არგოხის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების არგოხის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისი ბრძანება უწყების დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გასცა.

იმერეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„კოშკი სწორკუთხაა (5,8×5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. შიგნიდან და გერედან შებათქაშებული ყოფილა. ოთხასრთულიანია. შესასვლელი პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელშია. კარი სწორკუთხაა. სართულშორისი გადახურვა ხის ყოფილა. მესამე სართულს აივანი უნდა ქონოდა. ამ სართულზე ჩრდილოეთ კედელში საკარე ღიობია შემორჩენილი. სართულებზე სწორკუთხა სარკმლები და ნიშებია“,  — ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, კოშკი გვიანი შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობაა, რის გამოც იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს. ძეგლს ეროვნული მნიშვნელობა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მას გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება აქვს, ან თუ ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან ან პიროვნებასთან.

2013 წლამდე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას ძეგლს საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებდა, ხოლო 2013 წლიდან — საქართველოს მთავრობა.