„ოსკარზე“ საქართველოს სახელით ზაზა ხალვაშის ფილმი იბრძოლებს

„ოსკარის" რიგით 91-ე ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. „ოსკარის“ ნომინაციისთვის „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ საქართველოდან ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ იბრძოლებს, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს ზაზა ხალვაშის ფილმის გარდა, შემდეგი ხუთი  ქართული ფილმი იბრძოდა: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“, თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, ნიკოლოზ ხომასურიძის „ექვთიმე ღვთისკაცი“ და გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი“.

ოსკაროსანი კაჩმარეკი საქართველოს ურჩევს „ოსკარზე“ ფილმი „დედე“ გაიგზავნოს

„ნამე“ სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა. ამიერიდან ქართული სელექცია წინასაოსკარო მარათონში ჩაერთვება. კინოაკადემია „ოსკარის" ადმინისტრაციამ რიგით 91-ე ცერემონიის გამართვის თარიღი უკვე შეარჩია — 2019 წლის 24 თებერვალი.

ფილმი „ნამე" — ეს არის ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და თანასოფლელებს ეხმარება და კურნავს.

ფილმში მთავარ როლს მარიკა დიასამიძე ასრულებს. ასევე მონაწილეობენ მსახიობები ალეკო აბაშიძე, ედნარ ბოლქვაძე, რამაზ ბოლქვაძე, როინ სურმანიძე და სხვები.

ფილმი საქართველო-ლატვია-საფრანგეთის კოპროდუქციაა.