ყველაზე ოპერატიული სამუშაო - წარჩინებული მეხანძრეები ფულად დანამატებს მიიღებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გადაწყვიტა წაახალისოს მეხანძრეები, რომლებიც ხაშურთან ახლოს ტყის ხანძარს აქრობდნენ
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ყველა მეხანძრე-მაშველი, ვინც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანთან ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძოდა, ხელფასზე ფულად დანამატს მიიღებს, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა.

სოფელ ცედანთან ტყის ხანძარი ლოკალიზებულია >>

ხანძარი ოთხშაბათ ღამეს დაიწყო. დაიწვა 10 ჰექტარის ფართობის ტერიტორია. ხანძარს 220 მეხანძრე-მაშველი და ტექნიკის 17 ერთეული ებრძოდა, მათ შორის სპეციალური მანქანები, რომლებსაც ტყის ხანძრების დროს იყენებენ. სამსახურმა ეს მანქანები ახლახან შეიძინა. ხუთშაბათს ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენიც ჩაერთო. 

„ეს არის სტანდარტი, რომელსაც სამსახურის შექმნის დღიდან ვნერგავთ. ყველა მეხანძრე-მაშველი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად იმუშავებს ასეთ რთულ პირობებში, ყოველთვის იქნება დაფასებული სამსახურის მხრიდან“, — განაცხადა შალვა ხუციშვილმა მეხანძრეებთან შეხვედრაზე.

რამდენჯერ მაღალია საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ხელფასი მეხანძრის ხელფასზე

ხუციშვილმა მეხანძრეებს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყველაფერს გააკეთებს მათი კომფორტული მუშაობისთვის.

„მადლობა თავდადებული შრომისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოთ იმაზე დაფასებულები ვიდრე ხართ დღეს, გქონდეთ თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა. ამაზე მუშაობა 2018 წლის 1 იანვრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველ, ხელშესახებ შედეგებს სექტემბრიდან იხილავთ", — აღნიშნა ხუციშვილმა.

1 აგვისტოდან სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ ფულად დახმარებას 1,8 ათასი ლარის ოდენობით ბავშვის დაბადების ან აყვანის, ან ქორწინების, ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. 

თუ სამსახურის თანამშრომელი თავისი მოვალეობების შესრულების დროს დაშავდება ან ტრავმას მიიღებს, მკურნალობისთვის საჭირო თანხებს და კომპენსაციას უწყება გადაიხდის.

თუ უწყების თანამშრომელი დაშავდება და უწინდებურად მუშაობას ვეღარ შეძლებს, სამსახური ვალდებულია, ის დაასაქმოს იმგვარად, რომ მან, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვალეობები სრულფასოვნად შეასრულოს.

თუ უწყება ტრავმის მიღების შემდეგ თანამშრომლის დასაქმებას ვერ შეძლებს, მაშინ ვალდებულია არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში ხელფასის ოდენობის ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს ყოველთვიურად.

ქორწილისთვის 1875 ლარი — მაშველებს შეღავათები დაუმტკიცდათ >>

თუ მეხანძრე ან მაშველი ხანძრის ჩაქრობის ან ადამიანის ან ქონების გადარჩენის დროს დაიღუპა, მისი პოჯახი ერთჯერადი დახმარების სახით 100 ათას ლარს მიიღებს. გარდა ამისა, უწყება დამატებით გამოყოფს 500 ლარს დაღუპულის ოჯახისთვის სასაფლაოს მოწყობისთვის, ასევე დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელს ასევე შეუძლია მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება მეხანძრის ან მაშველისთვის უწყების ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ.