ჰაიკერი ექთანი და საოცნებო მოგზაურობა ჰიმალაის მთებში

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ კუპრავაა. მარიამი რეანიმაციულ განყოფილებაში ექთნად მუშაობს. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ყოველთვის ახერხებს მოგზაურობისთვის გამონახოს დრო და ცხოვრება საინტერესო, სასიამოვნო წუთებით გაილამაზოს.
Sputnik

მარიამის თქმით, მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პიროვნული ზრდისა და კრეატიული აზროვნების განვითარებისთვის. მოგზაურობა მისთვის ერთგვარი თავისუფლებაა, მოკლედ, სრული ბედნიერება.

ჰაიკერი ექთანი და საოცნებო მოგზაურობა ჰიმალაის მთებში

— მოგზაურობის სენი 2010 წელს შეგვეყარა მე და ჩემ მეგობრებს. პირველი გასვლა გვქონდა სვანეთში. დიდებული მწვერვალი უშბას ნახვის, უშგულში დაგემოვნებული კუბდარის და საოცრად სტუმართმოყვარე ხალხის გაცნობის შემდეგ დღემდე ვერ ვჩერდებით. ამის შემდეგ ერთგვარი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა მოგზაურობაზე.

– რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას?

— ჩემთვის პრიორიტეტული და ამოუწურავი ჩემი ქვეყანაა. მოგზაურობა შეგიძლია დაიწყო შენი ქვეყნის მონახულებით. ეს არც ისე დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, საქართველოში მოგზაურობის დაწყება ნამდვილი მოგზაურობის დასაწყისია.

ჰაიკერი ექთანი და საოცნებო მოგზაურობა ჰიმალაის მთებში

– დღემდე რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და რომელიმეს თუ გამოარჩევდით?

— დაახლოებით 9 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ყველა ქვეყანა განსხვავდება ერთმანეთისგან ღირსშესანიშნაობებით, კულტურით და ა.შ., მაგრამ გამოვარჩევდი შვეიცარიას. შვეიცარიის ალპები გონებიდან არ ამომდის (ალბათ გულის სიღრმეში საქართველოს ვამსგავსებდი და იმიტომ), და კიდევ ნიდერლანდებს. საქართველოს გარდა, რა თქმა უნდა, დროებით, ვიცხოვრებდი ამსტერდამში. თავი ზღაპრის პერსონაჟი მეგონა ამსტერდამის ვიწრო და გამორჩეულად ლამაზ ქუჩებში სეირნობის დროს.

– ავტოსტოპით თუ გიმოგზაურიათ?

— ავტოსტოპით მოგზაურობა ჩემი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია. პირველ რიგში, თუ გსურს მოიარო საქართველოს ყველა კუთხე ზედმეტი საგზაო დანახარჯის გარეშე, ამისთვის ავტოსტოპი ყველაზე კარგი საშუალებაა. რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე, ავტოსტოპის თავისებურებიდან გამომდინარე, შეგიძლია შეხვდე რადიკალურად განსხვავებულ ასობით ადამიანს და კიდევ ერთხელ დარწმუნდე, რომ კეთილი ადამიანებით სავსეა ეს ქვეყანა. ავტოსტოპის მეშვეობით შევიძინე ბევრი კარგი მეგობარი. მოგზაურობასთან ერთად ადამიანებთან ურთიერთობას სწავლობ და, საერთოდ, სიკეთე ხომ გადამდებია…

ჰაიკერი ექთანი და საოცნებო მოგზაურობა ჰიმალაის მთებში

– ავტოსტოპით მოგზაურობის დროს საფრთხეში არასოდეს ჩავარდნილხართ? 

— რა თქმა უნდა, თითოეული მგზავრობა რაღაც დოზით საფრთხესთან არის ასოცირებული. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სისწრაფის მოყვარული მძღოლებიც არსებობენ, საერთო ჯამში ავტოსტოპი არ არის საშიში. საერთოდ, ავტოსტოპის მთავარი ხიბლიც ზუსტად ის არის, რომ ივსები სასიამოვნო მოგონებებით და თავგადასავლებით.

ავტოსტოპით ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მანქანის მოლოდინში ორი დღით ხევსურეთში ჩავრჩით. დაღლილობისგან კარვის გასაშლელადაც ვერ მოვიკრიბეთ ძალა. გაგვახსენდა ჩვენი მეგობრის საგვარეულო კოშკი, დავურეკეთ, ავიღეთ ნებართვა და გავათიეთ ორი ღამე. არ გვქონდა არც ფინანსები, არც საჭმელი, მაგრამ ეს ხომ საქართველოა! მალევე მთელ სოფელს დავუმეგობრდით. ზოგს ყველი და პური გამოჰქონდა, ზოგმა ყავაზე და ნამცხვარზე შეგვიპატიჟა, ჰოსტელის მეპატრონე ლელო დეიდამ უგემრიელესი ვახშამი მოგვიწყო. ერთი სიტყვით, ნამდვილ ნეტარებაში ვიყავით. განსაკუთრებულად სასიამოვნოა, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები უანგაროდ ზრუნავენ შენზე.

ჰაიკერი ექთანი და საოცნებო მოგზაურობა ჰიმალაის მთებში

– რამდენად მნიშვნელოვანია ვისთან ერთად მოგზაურობთ, ვინ არის თქვენთვის ყველაზე სასურველი მეგზური?

— ყველაზე მნიშვნელოვანია აირჩიო ადამიანები, ვისთან ერთადაც გინდა მოგზაურობა. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. საოცარი სამეგობრო წრე მყავს, ყველა „ჭკუამხიარული“ და ბუნების მოყვარული ერთად შევიკრიბეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი ოთხი წლის დისშვილი მყავდა წაყვანილი სალაშქროდ, უზომოდ ბედნიერი იყო, ვფიქრობ, ხშირად ვივლით ერთად და ჩემზე მაგარ „ჰაიკერს” გამოვზრდი.

– როდის არის მოგზაურობა დაუვიწყარი და შთამბეჭდავი?

— პირველ რიგში, ალბათ, სწორად შერჩეული ადამიანები ქმნიან მოგზაურობას შთამბეჭდავს და დაუვიწყარს. მე და ჩემ მეგობრებს ეს კარგად გამოგვდის. დადებითი ემოცია, სპონტანურობა და ცოტა ექსტრიმი არის მოგზაურობის მთავარი ხიბლი.

ჰაიკერი ექთანი და საოცნებო მოგზაურობა ჰიმალაის მთებში

– რომელია თქვენი საოცნებო ქვეყანა, ქალაქი?

— ჩემი ოცნებაა მოგზაურობა ჰიმალაის მთებში. ჩემთვის ყველაზე მისტიკური და საოცნებო ადგილი არის ის, სადაც არის განსხვავებული კულტურა, უძველესი მონასტრები, ბუნება, სტუმართმოყვარეობა და, რა თქმა უნდა, ევერესტი! იმედი მაქვს, ოცნება მხოლოდ ოცნებად არ დარჩება და ოდესმე შევძლებ ჰიმალაის — დედამიწის უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრას, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 8848 მეტრზე. ამ ეტაპზე ჩემი რეკორდი სულ რაღაც 3515 მეტრია. ან, ოცნება თუ ვერ ავისრულე, სხვა თუ არაფერი, ნათქვამია – ნამდვილი ტურისტი სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა იყოს ნამყოფი ამ მთის ძირში და დატკბეს მისი სილამაზითო.

– საქართველოზე რას გვეტყვით, რა ღირსებით, ღირებულებებით გამოირჩევა ჩვენი ქვეყანა ტურიზმის მხრივ?

— საქართველო განსაკუთრებულად მიყვარს და ძალიან მიხარია, რომ ტურიზმის მხრივ სწრაფი ტემპით ვვითარდებით. ბედნიერებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ერთხელ თუ მოხვდება ადამიანი, აუცილებლად ბრუნდება უკან. ერთმა ჩემმა უცხოელმა მეგობარმა მითხრა, ზედმეტად კეთილები ხართ ქართველები და ამით განსხვავდებით ყველა ერისგანო. ძალიან მინდა საქართველო პირველ რიგში ქართველებმა შეიყვარონ. მართლაც საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ჰაიკერი ექთანი და საოცნებო მოგზაურობა ჰიმალაის მთებში

– შეგიძლიათ საქართველოს რომელიმე მხარე გამოყოთ?

— ყველა კუთხეს თავისი ხიბლი აქვს, არ მიყვარს ასე გამორჩევა, მაგრამ მიუხედავად ამისა აფხაზეთს გამოვყოფდი, როგორც მშობლიურ მხარეს. მე პირადად მქონდა ბედნიერება მენახა სოხუმი, ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსი, გაგრა, ბიჭვინთა, ულამაზესი რიწის ტბა. ეს სამოთხე მინდა ყველა ქართველმა ნახოს.

– არის ადგილი საქართველოში, რაც უნახავი დაგრჩათ?

— საქართველოს ვერასოდეს ამოწურავ.

– როგორ ახერხებთ დროის გამონახვას, რომ ამდენი რამე ნახოთ?

— მთავარია მოგზაურობის სურვილი. ერთხელ თუ შეგეყარა ეს სენი, დროს ყოველთვის გამონახავ.

ჰაიკერი ექთანი და საოცნებო მოგზაურობა ჰიმალაის მთებში

– ახლო მომავალში სად აპირებთ გამგზავრებას და როგორ გაქვთ ტური დაგეგმილი?

— სექტემბრის ბოლოს ბარსელონა-იბიცას ტური გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობ, ყველაზე თავგადასავლიანი და დაუვიწყარი მოგზაურობა იქნება.

იმოგზაურეთ, მოიარეთ პირველ რიგში საქართველო და შემდგომ მთელი მსოფლიო. გაილამაზეთ და გაიფერადეთ ცხოვრება. ნურც ფინანსები შეგაშინებთ და ნურც რთული გზები. შეიგრძენით ეს ბედნიერება. მიყვარს მოგზაურობა, ყველანაირი თავისი სირთულეებით და მე პირადად არაფერი არ მაშინებს, მიტრალური სარქვლის პროლაფსიც კი!