იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება შეთანხმება აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობის თაობაზე.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 4-5 სექტემბერს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მანძილზე ეს ამომავალი მზის ქვეყნიდან პირველი მაღალი რანგის ვიზიტია.

იაპონიის საგარეო უწყების პირველი პირს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

იაპონიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივება გადაწყვიტა

ვიზიტის ფარგლებში იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდება შეთანხმება აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, იაპონიის მთავრობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით გამოყოფს 38,735 მილიარდი იაპონური იენის ოდენობის დაფინანსებას (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობისთვის.

„იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებას და საქართველოს მიმართ უმაღლეს დონეზე გამოვლენილ მხარდაჭერას", – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის სფეროების, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.