გურამ კაშიას მხარდაჭერას ცნობილი ფეხბურთელები უცხადებენ

ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, იგი არ ნანობს საკუთარ საქციელს და თანასწორობის იდეას უჭერს მხარს.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელებმა, ამ ეტაპზე თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ცენტრალურ მცველს გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს, რომელიც ლგბტ-საზოგადოების მხარდაჭერის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა.

უეფამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოთი ხუთშაბათს დააჯილდოვა. გასულ სეზონში „ვიტესის" შემადგენლობაში ასპარეზობისას კაშიამ ჰოლანდიური კლუბების კაპიტნების აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შიდა არენაზე ცისარტყელას ფერებით გაფორმებული სამკლაურებით გამოვიდნენ და ამით ლგბტ-საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ქართული მარში“ ფეხბურთელის წინააღმდეგ - აქცია მატჩზე საქართველო-ლატვია

საქართველოში აღნიშნულმა ჟესტმა კრიტიკული გამოხმაურებები და ნეგატიური ტალღა გამოიწვია — გაისმა კაშიას მიერ ეროვნული ნაკრების დატოვების მოწოდებებიც. უფრო მეტიც, ქართველმა ნაციონალისტებმა საპროტესტო აქცია დააანონსეს, რომელიც თბილისში 9 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩის პარალელურად გაიმართება.

„გურამთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ – თქვენ იცით, რომ რომელ ქვეყანაშიც მუშაობდა გურამი, იმ ქვეყანაში მოხდა პოზიციის დაფიქსირება იმ ფორმით, რა ფორმითაც მან ეს გააკეთა. თუმცა, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუსმენთ და ვუყურებთ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ფორმით ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფის მიყენება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველა, ვისაც სპორტი, ფეხბურთი გვიყვარს, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გვიხარია, ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში", – ციტირებს კახა კალაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

დაჯილდოების ცერემონია მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე გაიმართა. თავად კაშია ცერემონიას არ ესწრებოდა, რადგან აშშ-ში „სან-ხოსე ერტკვეიქსის" შემადგენლობაში გამოდის. ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გადასცეს.

„მინდა გურამთან მიმართებით საკუთარი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. ეს მისთვის რთული დრო იყო. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი მოითხოვდა, რომ მან ეროვნულ ნაკრებში არ ითამაშოს. გურამმა მათ სწორად უპასუხა, რომ თუ თუნდაც ერთი მხარდამჭერი მაინც ეყოლება საქართველოში, ის ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში და სწორედ ის ერთი ადამიანი მე ვარ, და, საერთოდაც, საქართველოში მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს", – განაცხადა, თავის მხრივ, ლევან კობიაშვილმა.

კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმაც.

უეფა Equal Game-ის ჯილდოს პირველად ქართველ ფეხბურთელს გადასცემს

„მივესალმები გურამის გამბედაობასა და სიმტკიცეს. მისი ქმედებები მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის მხარდაჭერის კუთხით. აქედან გამომდინარე, მან ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო", — აღნიშნა ჩეფერინმა.

თავად კაშიამ, რომელიც ახლა MLS-ლიგაში "სან-ხოსე ერტკვეიქსში" თამაშობს, აღნიშნა: „ვამაყობ, რომ უეფამ #EqualGame-ის ჯილდოს ლაურეატად ამირჩია. მჯერა თანასწორობის იმისდა მიუხედავად, რისი გწამს, ვინ გიყვარს თუ ვინ ხარ".

მანამდე საქართველოს ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა კაშიას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა წამოიწყეს კამპანია „გურამ, შენთან ვართ!"

კაშიამ კარიერა თბილისის „დინამოში" დაიწყო. 2006-2010 წლებში კლუბის მიერ ჩატარებულ 91 მატჩში 12 გოლი გაიტანა. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. 2010 წლიდან გადავიდა „ვიტესში". 2011-2012 წლების სეზონის წინ კაპიტნის სამკლავური მიიღო. საქართველოს ნაკრებში 293 თამაში ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.