საქართველოს პრემიერი ხუთშაბათს აზერბაიჯანში მოლაპარაკებებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ ნოვრუზ მამედოვთან და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან. 

რა საკითხებს განიხილავს საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანში

როგორც მანამდე ბახტაძემ განაცხადა, ვიზიტის დროს რეგიონული თანამშრომლობის ძალზე მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს განიხილავენ. ამასთან მხარეები იმსჯელებენ იმ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოებას.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კუთხით. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია — მიმდინარე წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 882 მილიონ დოლარი შეადგინა.