ვიდეოს ავტორი მსახიობი მარი არღუთაშვილია გორიდან. შევეცადე ვიდეოს შესახებ კითხვა არ დამესვა მისთვის, რადგან მსურს სხვა კუთხით წარმოვაჩინო და გაგაცნოთ 31 წლის მსახიობი, რომელმაც სრულიად საქართველო აალაპარაკა.
— ჩემ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია თეატრს. ვარ გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობი. ასევე თბილისის მუნიციპალური თეატრის „რუსთაველის 19”-ის მსახიობი. უკვე ორი წელია ვარ გორში წითელი ჯვრის მოხალისე.
– როდის დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება თეატრს?
— ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე. 14 წლის ასაკში აღმოვჩნდი გორის თეატრის ახალგაზრდულ სტუდიაში, სადაც ვთამაშობდი სპექტაკლებში, ოღონდ, რა თქმა უნდა, ვიყავი არაპროფესიონალი მსახიობი და მიწევდა მასიურ სცენებში მონაწილეობა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. ჩავირიცხე ბატონ სანდრო მრევლიშვილის ჯგუფში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩვენი ჯგუფის ძირითადი ბირთვი დარჩა თეატრში ბატონ სანდროსთან. მაშინ ერქვა „გლობუსი“, ახლა უკვე „რუსთაველის 19“ ჰქვია.
– ძალიან ბევრ სპეკტაკლში გითამაშიათ, რომელი მათგანი იყო თქვენთვის ყველაზე საპასუხისმგებლო და დასამახსოვრებელი?
— მართლა ძალიან ბევრ სპექტაკლში მაქვს ნათამაშები. ყველაზე დასამახსოვრებელი, შთამბეჭდავი და საპასუხისმგებლო იყო პირველი სპექტაკლი „ჰაკი აძბა“, რომლის რეჟისორიც იყო ბატონი ზაზა წაქაძე. რას შეეხება პირველ წარმატებას, ეს იყო სპექტაკლი „მუსუსი“. რეჟისორი იყო ბატონი სოსო ნემსაძე. ამ სპექტაკლში განსახიერებული როლისთვის 2015 წელს მივიღე საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის ჯილდო. არაერთი სპექტაკლია, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა გამიჭირდება თითოეულის ჩამოთვლა.
– არსებობს როლი, რომელზეც ოცნებობთ?
— თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროს ბატონ სანდროს ჰქონდა პროექტი, სადაც იყო მეამბოხე პერსონაჟების ნაკრები. „ცხვრის წყაროდან“ უნდა მეთამაშა ლაურენსია. სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ შედგა და ეს როლი დამრჩა საოცნებოდ, რადგან ძალიან „მოვიწამლე“ ამ როლით.
– კინოსთან თუ გქონიათ შეხება?
— ხშირ შემთხვევაში თეატრალურის სტუდენტებს კინოსთან დაკავშირებით მცირე გამოცდილება გვაქვს. ნათამაშები მაქვს სერიალში ეპიზოდური როლები, თუმცა დიდი სურვილი მაქვს გადამიღონ ფილმში. ყოველთვის ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, როგორც გითხარით, ორ თეატრში ვმუშაობ. ჩემ ცხოვრებაში იყო პერიოდები, როცა თეატრის გარდა არაფერი არ არსებობდა, სპექტაკლებისა და რეპეტიციების გარდა არაფერი არ ხდებოდა. შესაძლოა გაზვიადებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა სამ-ოთხ სპექტაკლზე ერთდროულად მუშაობ, რამდენი დრო და ენერგია გჭირდება. იმ პერიოდში მოწყვეტილი ვიყავი ყველაფერს, გარდა თეატრისა.
– ამ დროს თუ გითქვამთ, რომ დაიღალეთ და აღარ გსურთ ამ ყველაფრის გაგრძელება?
— არასოდეს. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, რომ დაღლაც სიამოვნებას მანიჭებს. რეპეტიციის დროს დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობ, თუმცა შეიძლება რეპეტიციის დასრულების შემდეგ სახლში წასვლის თავიც არ მქონდეს. როცა მთლიანად იხარჯები, გულს და სულს დებ საქმეში, მაშინ სასიამოვნოდ იღლები.
– წითელ ჯვარში როგორ მოხვდით და რამდენად საპასუხისმგებლოა ეს საქმე თქვენთვის?
— წითელ ჯვარში მოვხვდი მეგობრების რჩევით. ძალიან მწირი ინფორმაცია მქონდა ამ ორგანიზაციის შესახებ. არ ვიცოდი იქ მოხვედრა თუ შემეძლო. ჩემი რამდენიმე მეგობარი იყო მოხალისე და მათი დამსახურებით მოვხვდი რამდენიმე ტრენინგზე. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი და მეც გავწევრიანდი. ვარ მოხალისე ფსიქო-სოციალური დახმარების სფეროში. ხშირად ვესწრები პირველადი დახმარების ტრენინგებს. ხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტები. მოგეხსენებათ, გორში არის ბევრი დევნილთა დასახლება, რომელთაც ძალიან ეხმარება წითელი ჯვარი. ორი დღის წინ დავბრუნდით ბანაკიდან, წაყვანილი გვყავდა დევნილი ბავშვები და არაჩვეულებრივი დღეები გავატარეთ ერთად.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
— ორი სიტყვით შემიძლია გითხრათ, რომ პირად ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. ზოგადად არ მიყვარს საჯაროდ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, არც მე ვინტერესდები სხვისი ცხოვრებით. ვთვლი, რომ ნაკლებად საინტერესოა სხვისი პირადი ცხოვრება.
– ცხოვრება ყოველთვის არ არის ია-ვარდით მოფენილი, იმედგაცრუება თუ გიგრძვნიათ ცხოვრებაში?
— ძალიან ემოციური ვარ და მძაფრად აღვიქვამ ყველაფერს, თუმცა ვცდილობ გარეგნულად არ შევიმჩნიო. რა თქმა უნდა, არაერთხელ მიგრძვნია იმედგაცრუება და გული მტკენია, მაგრამ ყოველთვის ვახერხებ გადავლახო და ამან ჩემზე დიდი გავლენა არ მოახდინოს.
– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც მარის მოხიბლავს?
— მამაკაცი, რომელიც უკვე დიდი ხანია მარის ხიბლავს, არის ედრიენ ბროუდი.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
— სამომავლო გეგმები ისევ და ისევ თეატრს უკავშირდება. ახალი სეზონი იწყება და ველი ბევრ სიახლეს.
– უკვე ვიცით როგორ მოიკითხავდით ადამიანებს, გვითხარით, როგორ დაემშვიდობებით მათ?
— სხვათა შორის, მოკითხვაც არ მომიფიქრებია, ყველაფერი ექსპრომტად მოხდა. დავემშვიდობები ასე: საინტერესო, ნაყოფიერ დღეებს, თვეებს და წლებს გისურვებთ. კარგად იყავით…