ავარია ბაკურიანში – მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა

პაციენტი ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. ბაკურიანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოტოციკლი „ტოიოტას“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 29 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა, მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

ავარია ზესტაფონთან მსხვერპლით დასრულდა

დაშავებული ბორჯომის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, მამაკაცი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, პაციენტი ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და სასჯელის სახით ითავლისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.