შეძლებს თუ არა მასმედია რეგიონში ნდობის გამყარებას: თბილისში მედიაფორუმი ჩატარდება

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მედიაინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები, ჟურნალისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ბლოგერები საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი სახელწოდებით „მასმედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში“ თბილისში 4-7 სექტემბერს ჩატარდება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მედიაინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები, ჟურნალისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ბლოგერები საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ფორუმის ორგანიზატორია რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, პრეს-კლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“. 

მრგვალი მაგიდა: ქართულ-რუსული ახალგაზრდული დიალოგი თბილისში

მედიაფორუმის განხილვის მთავარი თემა იქნება სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მასმედიის რეგიონული პოლიტიკური კულტურის ტრადიციებისა და აქტუალური ტრენდების თავისებურებანი, მათი სტატუსის პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები და ასევე მედიასაზოგადოებების პოტენციალი კონფლიქტების გადაწყვეტასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, ჟურნალისტიკისა და პოლიტოლოგიის ცნობილ მოღვაწეთა ლექციები ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და მიმომხილველთათვის.

მედიაფორუმის მთავარი სპიკერები იქნებიან:

  • ალექსეი ვიშნევეცკი — რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ვიკტორ ლიტოვკინი — „იტარ ტასის“ სამხედრო მიმომხილველი;
  • გენადი ბორდიუგოვი — რუსეთის საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი;
  • ალან კასაევი — გაზეთ „სევერნაია ოსეტიას“ მთავარი რედაქტორი, ისტორიკოსი, კავკასიის რეგიონის ექსპერტი;
  • ალექსეი მალაშენკო — მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორი, პოლიტოლოგი, ისლამის პრობლემების წამყვანი სპეციალისტი.

რუსეთიდან ჩამოსული მედია-პერსონები გამართავენ მასტერ-კლასებსა და ტრენინგებს თემებზე: „მოლაპარაკე თავები VS ექსპერტები: ვისზე ნადირობს მასმედია?“ და „მასმედია და სამხედრო-პოლიტიკური პროცესები კავკასიაში“.