სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

ბრალდებულები უკანონოდ დაეუფლნენ 267,5 ათას ლარამდე თანხას.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს სოფელ ფონიჭალაში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ზაზა ფაჩულიას ბუღალტერმა სპორტსმენის კუთვნილი მილიონამდე დოლარი მიითვისა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელმაც ა(ა)იპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაკვეთით ფონიჭალის ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები განახორციელა, შესაბამის დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითიც უკანონოდ დაეუფლა 267,5 ათას ლარამდე თანხას.

სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა დაქირავებულ კომპანიას, რომლის წარმომადგენლებმაც ისე დაამოწმეს დოკუმენტები, რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოების მოცულობები შესრულებულ სამუშაოებს არ შეადარეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით (დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების  თაღლითურად დაუფლების ფაქტიზე და სამსახურებრივ გულგრილობაზე), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.