შსს: ვიდეოჯარიმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადაამოწმეთ საკონტაქტო მონაცემები

საკონტაქტოს მონაცემების გადასამოწმებლად მოქალაქე უნდა მივიდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში.
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის რეალური საკონტაქტო ინფორმაცია, რადგანაც მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ მოქალაქის დროული ინფორმირება, განაცხადა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

რამდენი ავტომობილი დაჯარიმდა ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის

საქართველოში გასული წლის 1 ნოემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა, ასევე ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა მეშვეობით ხდება სამართალდარღვევების დაფიქსირება. ახალი რეგულაციების თანახმად, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე სამართალდამრღვევს დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები.

მძღოლებო ფრთხილად: თქვენ თბილისის მასშტაბით 200 „ჭკვიანი" კამერა გიყურებთ>>>

ვიდეოჯარიმის მისაღებად სისტემაში რეგისტრირებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის რეალური საკონტაქტო ინფორმაცია — რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მოქმედი მობილური ტელეფონის ნომერი.

„მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეზე სისტემაში ფიქსირდებოდეს რეალური და სწორი მონაცემები. შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების ვალიდურობა, აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება", — განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

საკონტაქტო მონაცემების გადასამოწმებლად მოქალაქე უნდა მივიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში.

მძღოლთა საყურადღებოდ: შსს-მ ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესების თანახმად:

ვიდეოჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ ათი კალენდარული დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; თუ პირი ათი დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი მას ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილზე გაეგზავნება.

ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში კი 30-დან 60 დღემდე ვადაში პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. ამის შემდეგ საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა.

ასევე, ვიდეო- ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი.

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის 19 ათას მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთვა>>>

ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა გაიზარდა 1 წლამდე.

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 536 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, მათ შორის, სიჩქარის მზომი სექციური რადარები. უწყების ცნობით, წლის ბოლომდე ქვეყანაში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარების ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე შიდა საქალაქთაშორისო გზებზე დაგეგმილია დამატებით 1200 „ჭკვიანი კამერის“ დამონტაჟება.

2017 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენაა მიმართული.

2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ასევე ამოქმედდა ე.წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. ქულები ერთ წელზეა გათვლილი.