პატარა ქართველი მხატვარი იაპონიაში „ტოიოტას" კონკურსის გამარჯვებული გახდა

გეგა სოფრომაძემ ხატვა სამი წლის ასაკში დაიწყო. დღეს ის შვიდი წლისაა და ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილება შეიძინა. მისი ნამუშევრები განსაკუთრებულია და საოცარი ტექნიკით გამოირჩევა.
Sputnik

გეგა დედასთან, დაიკოსთან, ბიძასთან და დედის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. პატარა მხატვარმა ასაკის მიუხედავად უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია.

დღეს იაპონიაში „ტოიოტას“ გლობალური კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც გეგა "ყველაზე მოტივირებული და მხატვრული ნაშრომის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

პატარა ქართველი მხატვარი იაპონიაში „ტოიოტას" კონკურსის გამარჯვებული გახდა

კონკურსისთვის პატარა მხატვრის ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნახატს შორის შეირჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ტოიოტას" კონკურსის ფინალში ქართველი მხატვარი მოხვდა. გეგა იაპონიაში დედასთან ქრისტინე მესხთან ერთად გაემგზავრა. მგზავრობის ღირებულება 3400 ევრო სრულად დაფარა იაპონურმა მხარემ.

„იმდენად აღფრთოვანებულია გეგა იაპონელი ხალხის სითბოთი და სტუმართმოყვარეობით, ემოციებს ვერ აკონტროლებს. გუშინ გეგა სიტყვით წარდგა ჟიურის წინაშე – წარადგინა საკუთარი თავი, ქვეყანა და ნამუშევრის იდეა... ძალიან ვღელავდით. შედეგი როგორიც არ უნდა ყოფილიყო, გეგა მაინც უზომოდ ბედნიერი იქნებოდა. მიჭირს ჩვენი განცდების სიტყვით გადმოცემა“, – ამბობს გეგას დედა.

პატარა ქართველი მხატვარი იაპონიაში „ტოიოტას" კონკურსის გამარჯვებული გახდა

გეგა თავის წარმატებას და მიღწევებს დედას უმადლის. ამბობს, რომ მისი დამსახურებით და სიყვარულით მიაღწია ყველაფერს.

„ჩემი ნიჭი დედამ აღმოაჩინა. სამი წლიდან დავიწყე ანიმაციური გმირების ხატვა, შემდეგ მიმიყვანა დედამ გოგიტაძეების სტუდიაში. იქ ცოტა ხანი დავდიოდი, სანამ დედას საშუალება ჰქონდა. ყველაფერში დედიკო დამეხმარა, ის ჩემი მზეა. მაცნობდა მსოფლიო მხატვრებს, მათ შემოქმედებას, ხშირად დავყავარ ბუნებაში მოლბერტით და ვუსმენთ კლასიკურ მუსიკას. მადლობა დედას ყველაფრისთვის“, – ამბობს გეგა.

პატარა ქართველი მხატვარი იაპონიაში „ტოიოტას" კონკურსის გამარჯვებული გახდა

გეგას დღემდე 300-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შესრულებული, ბევრი მათგანი გაჩუქებული აქვს. ამბობს, რომ უყვარს სხვების გაღიმება და გახარება.

პატარა მხატვარს უკვე ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. გახლავთ კონკურს „სიზმარას“ ჟიურის რჩეული. ასევე „ნესქვიკის“ გამარჯვებული.  მისი ერთ-ერთი ნახატი გახდა კომპანია „სნოს“ ფავორიტი, განთავსდა „სნოს“ ეტიკეტზე და მიიწვიეს საპატიო ვიზიტით „სნოს“ საწარმოში. შემდეგ ქართული ღვინის პალატამ შეიძინა გეგას ნამუშევარი „ღვინო და ადამიანი“ და დღეს მათ მუზეუმშია განთავსებული. 31 აპრილს გახდა კონკურს „მარსიანჩიკის“ ჟიურის რჩეული.

პატარა ქართველი მხატვარი იაპონიაში „ტოიოტას" კონკურსის გამარჯვებული გახდა

„გამორჩეულად მიყვარს ნიკო ფიროსმანი. განსხვავებულად გამოხატავს ცხოველებს და ამან მომხიბლა. პიკასოს ორსახოვანი ფიგურებით ვხალისობ და სხვადასხვა ემოციებს გმოვხატავ. ძალიან მიყვარს ვან გოგი, განსაკუთრებით მომწონს მისი ფერები და ხატვის სტილი“, – ამბობს გეგა.

პატარა მხატვარს განსხვავებული ოცნებები და მისწრაფებები აქვს. ოცნებობს მთაში ჰობიტების მსგავსი სახლი და სახელოსნო ჰქონდეს, იმუშაოს ბუნებაში. აინტერესებს სხვადასხვა მეცნიერებები. ახლა კოსმოსით არის დაინტერესებული, რის შესახებაც ბევრ ინფორმაციას დედა აწვდის. საბოლოოდ კი მხატვარი, გამომგონებელი და მეცნიერი უნდა რომ გამოვიდეს.