ბახტაძე: ჩვენ არ ვართ კმაყოფილი კურორტების მზადყოფნის დონით

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 2018 წლის ივლისში მილიონს გადააჭარბა, გასულ წელთან შედარებით ზრდა კი 10,5%-ია.
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საკურორტო ზონების მომზადების დონით უკმაყოფილოა და ბოლო გაფრთხილებას აძლევს ყველა იმ პირს, ვინც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი.

რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება>>>

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმის სფერო ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება, დამსვენებლები და ტურისტები კურორტებზე ყველაზე ხშირად შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობას და მოუწესრიგებლობას, ასევე დასუფთავების პრობლემას უჩივიან.

პერსონალი გადამზადებულია – საქართველოში საბაგიროთი მგზავრობა უსაფრთხო იქნება

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის უკმაყოფილოა როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის კურორტების მზადყოფნის დონით.

„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში და ამასთან ერთად არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რაც ჩვენ ვიხილეთ ზამთარში", — განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ არის იმის არგუმენტი, რომ კურორტები არ იყვნენ მზად გაზრდილი ნაკადის მისაღებად.

„აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიიანს, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, ეს არის მათთვის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს", – განაცხადა პრემიერმა.

ტურისტების ნაკადი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 2018 წლის ივლისში მილიონს გადააჭარბა, გასულ წელთან შედარებით ზრდა კი 10,5%-ია. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან იყო.

ასევე 2011 წლიდან ექვსჯერ გაიზარდა ტურისტების რაოდენობა საქართველოს ოთხ სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და სვანეთში).