შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ

შავი ზღვის უნივერსიტეტმა ფინანსური დავალიანება კვირას დაფარა
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო შეეზღუდა. აქციის მონაწილეებმა ამ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდეს და მისი შეცვლა მოითხოვეს.

შავი ზღვის უნივერსიტეტმა ჯარიმა გადაიხადა – სტუდენტების ბედი კვლავ უცნობია

„უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ გვინდა განათლების მიღება, გვინდა არ გვეზღუდებოდეს არჩევანის თავისუფლება. ჩვენი მთავარი მიზანი რჩება უცვლელი, რომ ცენტრმა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და არსებული პროცესი შეაჩეროს. ამ დრომდე მათ ფაქტობრივად უგულვებელყვეს გადახდილი დავალიანება და  მოთხოვნა, რომ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტს არ შეეზღუდოს უფლება, მიიღოს აბიტურიენტები“, — განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ გეგენავამ.

მისვე თქმით, თუ სტუდენტების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციებს გააგრძელებენ.

ჩხუტიაშვილი: მოვუწოდებ და ვთხოვ განათლების სამინისტროს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას >>

ჯარიმის გამო, რომელიც უნივერსიტეტს ჯერ კიდევ 2013 წელს დაეკისრა, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭომ გასულ კვირაში შავი ზღვის უნივერსიტეტს მიმდინარე სასწავლო წელს სტუდენტების მიღება აუკრძალა. აღნიშნული ჯარიმა, რომელიც 712 ათას ლარზე მეტს შეადგენდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ კვირას, 26 აგვისტოს გადაიხადა.

IBSU-ში  განაცხადეს,  რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტმა ავტორიზაციის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და მიმართავენ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.