თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესი ხვალ დასრულდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ამ დროისთვის ახმეტის ღვინის ქარხანამ სოფლების ქისტაურისა და ახშანის მოსახლეობისგან 870 ტონა ყურძენი ჩაიბარა.
„რთველი-2018″-ის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, უამინდობის გამო დედოფლისწყაროში რთველის დაწყების დრომ გადაიწია და ის მომავალ კვირას დაიწყება.
შტაბში ამჟამად დარეგისტრირდა 35 კომპანია. წელს ყურძნის შესყიდვის მსურველი კომპანიების რიცხვის გაზრდას ელოდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი შარშანდელთან მიახლოებული იქნება, რაც რქაწითელზე 60-70 თეთრს და საფერავზე 1,5 ლარს შეადგენს.
ყურძნის ჩაბარება 20 აგვისტოდან დაიწყო. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში, მატანსა და ქისტაურში 18 აგვისტოს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავალი განადგურდა. ყველაზე მეტად სოფელი ქისტაური დაზარალდა. სეტყვამ საკმაოდ დიდ ფართობზე ყურძენი 100%-ით გაანადგურა. ასევე, სეტყვის შედეგად ახმეტაში ვენახებთან ერთად ხეხილიც დაზიანდა. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.
სოფელ ქისტაურის მოსახლეობამ ხელისუფლებისგან დახმარების მოთხოვნით 19 აგვისტოს ახმეტა-თელავის ცენტრალური გზა გადაკეტა.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 4 წელში კახეთში ყველაზე დიდი მასშტაბის სეტყვის მარცვლები დაფიქსირდა. ცენტრის განმარტებით, სეტყვის შესამსუბუქებლად 200-მდე რაკეტა გაისროლეს, რამაც ღრუბლის მასები მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა ახმეტისა და თელავის რაიონებში სარაკეტო დამუშავება სროლისთვის აკრძალული ზონების არსებობის გამო, დასახლებული პუნქტების გარეთ განხორციელდა.