ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზები ჩატარდება
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალ ECHOWAVES-დან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაშივე გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა მალევე, ხელწერილის საფუძველზე გაწერეს. მათი თქმით, თავს კარგად გრძნობდნენ.

ანაკლია მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს — Echowaves დაიწყო

გარდაცვლილი მამაკაცი ქუთაისის სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რამდენად ჩაანაცვლებს Anaklia Echowaves-ი GEM Fest-ს >>

ტელეკომპანია Imedi-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 21 წლის ახალგაზრდაა, რომელიც ფესტივალზე სამტრედიიდან ჩავიდა.

ანაკლიაში 23 აგვისტოს ახალი მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი დაიწყო, რომელიც 26 აგვისტომდე გაგრძელდება. მედიის ინფორმაციით, ფესტივალზე მუშაობს 3 სამედიცინო პუნქტი და სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი. ფესტივალის გახსნამდე ორგანიზატორები პირობას დებდნენ, რომ უსაფრთხოების ზომები ფესტივალზე მაქსიმალურად იქნება დაცული.

Anaklia Echowaves იმართება სამთავრობო პროგრამა Check in Georgia 2018-ის ფარგლებში.