ახალი კლიპი იმითიც არის საინტერესო, რომ მასში სწორედ ის ქალბატონი იღებს მონაწილეობას, ვისაც ეს სიმღერა მიუძღვნეს. სიმღერის შექმნის ისტორიასა და კლიპის შექმნის ამბავზე ბეჟან წინწალაშვილი თავად მოგვითხრობს.
– ბეჟან, როგორ მოხვდა თქვენ კლიპში ამ ცნობილი სიმღერის ადრესატი ქალბატონი?
– დიახ, ჩვენ ახალ კლიპში „შატილის ასულო" ის ქალბატონი გვყავს გადაღებული, ვისაც ეს სიმღერა თავის დროზე მიუძღვნეს. ის ქალბატონი აღმოჩნდა ჩემი მეგობრის თამარ ჯამარიშვილის ბებია – ფატიმა წოწოიძე, რომელიც ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობს და ახლახან 87 წლის გახდა. ვინც არ იცის, მოგახსენებთ, რომ სიმღერის ტექსტი მას მეუღლემ, მთის პოეტმა იოსებ ლონგიშვილმა (რომელიც ამჟამად გარდაცვლილია) დაუწერა. „ქართველომ“ ახმეტაში კონცერტი ჩაატარა და ამ გოგომ იქ გაგვაცნო თავისი ბებია, ვისზეც „შატილის ასულო“ არის დაწერილი.
– რადგან ეს ამბავი პირველწყაროდან იცით, საინტერესო იქნება, თუ ჩვენ მკითხველსაც მოუყვებით...
– როგორც მოგახსენეთ, „შატილის ასულოს“ ტექსტის ავტორი მთის პოეტი იოსებ ლონგიშვილი გახლავთ, მუსიკა თამარ ქააძისაა. ორივე პიროვნება ალვანიდან იყო. მომავალი მეუღლე იოსებმა თუშეთში ერთ დღეობაზე გაიცნო, შეუყვარდა და იქიდან დაიწყო ურთიერთობა, რომელიც ჯერ ცალმხრივი იყო. თუმცა მოგვიანებით მამაკაცმა დაითანხმა ქალი, რომელიც შემდეგ ცოლად გაჰყვა. როცა ლექსი დაწერა, იოსებმა, თურმე, თავის მეგობარს თამარ ქააძეს სთხოვა, რომ ამ ლექსზე მუსიკა დაეწერა. ეს იყო მისი ლამაზი სიურპრიზი, რომელიც საყვარელ ქალს გაუკეთა. ამ ქალბატონისგან გავიგეთ, რომ იოსები 16 წლით უფროსი ყოფილა ქალზე და როცა ხელი სთხოვა, მისთვის ასაკი დაუმალავს. ქალს მისი ნამდვილი ასაკი, ცოლად რომ გაჰყვა, მერე გაუგია. მათ ორი შვილი შეეძინათ. კლიპში, რომელიც გადავიღეთ, ქალბატონ ფატიმას ბავშვები ჰყავს გარშემო შემოკრებილი და სწორედ ამ ამბავს უყვება. მკითხველს შევახსენებ, რომ ეს სიმღერა პირველად 1967 წელს ჩაიწერა სოფელ ალვანში, სადაც ჩამწერი აპარატურა სპეციალურად ამისთვის ჩაიტანეს.
– ცნობილია, რომ ეს სიმღერა მსოფლიომ ანსამბლ „ერისიონის“ მეშვეობით გაიცნო, მაგრამ იგი სახეშეცვლილი ვერსია იყო...
– თავიდან ეს სიმღერა ყველას ხალხური ეგონა და პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ანსამბლმა „ერისიონმა“ შეასრულა და საქართველოს სახელით მსოფლიო ასპარეზზე გაიტანა. რაც შეეხება ჩვენს კლიპს, მასში ამ სიმღერის პირველ ვერსიას ვმღერით, ანუ მუსიკაც და ტექსტიც პირველადი სახითაა. კლიპი სტუდია Chchx Production-მა გადაიღო. იმედია, სიმღერაც და კლიპიც ქართველ მსმენელს მოეწონება, რაც ძალიან გაგვახარებს...