თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ათი დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, 23 აგვისტოს, კონგოს ტერიტორიულ წყლებში დაფიქსირდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გემი, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა, კონტაქტზე ბოლოს აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში 14 აგვისტოს გამოვიდა.
გემის მოძიების სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებდა. ხოლო კომპანია „იალქანი“, რომელმაც მეზღვაურები სამუშაოდ გაუშვა, აცხადებდა, რომ გემი, სავარაუდოდ, მეკობრეებმა გაიტაცეს.
„ინტენსიურ კონტაქტზე ვიმყოფებით გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იქნას პირველადი საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა)“, — აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.
„შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან — პანამასთან, ასევე ნიგერიაში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი უსაფრთხო წყლებში შევა.
ტანკერი Pantelena IMO 9321469 2006 წელს აშენდა. გემის ეკიპაჟში 21 ადამიანია.