მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენას არ აპირებს

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას არ წარადგენს, რადგან ამ საკითხზე კონსენსუსი ვერ შედგა, განაცხადა მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის 2 აგვისტოს მას შემდეგ გახდა, რაც  ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხებზე კონსულტაციები დაიწყო, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მარგველაშვილი სთავაზობდა კომისიის შექმნას, რომელიც პრეტენდენტების შერჩევით დაკავდებოდა, რაც არასამთავრობო სექტორისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა >>

„მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ღიად აცხადებდა, რომ ის კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ანუ ერთადერთი შესაძლებლობა, შანსი, კანდიდატურა საქართველოს პარლამენტში დამტკიცებულიყო, ეს იყო ფართო კონსენსუსი. სამწუხაროდ, ეს ფართო კონსენსუსი ვერ მოხდა. ფართო კონსენსუსის გარეშე, კიდევ ერთხელ, როცა „ქართული ოცნება“ უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, ფაქტია, კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტირებული“, — განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

პრეზიდენტის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაური უარს აცხადებს კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე.

უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის გარეშე - პრეზიდენტის და არასამთავრობოების დავა

„ფაქტობრივად მან დაინახა, რომ მის მიმართ ნდობა არ არსებობს, არ არსებობს არც უმრავლესობაში, არც უმცირესობაში, არც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში. მან ვერ შეძლო თავის კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება და ერთი კანდიდატის წარდგენა, ის ცდილობს საბაბად მოიყვანოს, რომ თითქოს უმრავლესობა არის მიზეზი, რომ მას არ დაუმტკიცებს და აპრიორი არ წარადგენს. ეს ის ნათელი მაგალითია, როცა ის პოლიტიკურ უსუსურობას ავლენს“, — განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მარგველაშვილის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ დროის განმავლობაში კონსულტაციებში მონაწილეობდნენ.

„შეიძლება ითქვას, რომ არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმა ვერ შეძლეს, თუნდაც „ქართულ ოცნებასთან“ დამსხდარიყვნენ მაგიდასთან, არ აქვს მნიშვნელობა ვისი ბრალით და ვისი მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი, ეს მთლიანობაში აზიანებს სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულებას, ხელისუფლებას, და სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესების კიდევ უფრო გართულებაში“, — განაცხადა საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან მელაძემ.

მარგველაშვილი სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც გააკრიტიკა, რომელის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის შერჩევის საკითხში მასთან აქტიურ კონსულტაციებს გადიოდა.

მამუკა ბახტაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური >>

„ჩემი პოზიცია იყო და დღესაც არის, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა ამ ვითარებაში, როდესაც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანასა და სასამართლოს სისტემას ძლიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვფიქრობ პრეზიდენტს ეს პროცესი უნდა გაეგრძელებინა“, — აცხადებს ნინო ლომჯარია.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას შეუდგება, ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას პარლამენტს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამავე სასამართლოს წევრებთან ერთად წარუდგენს.

ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობებს გვენეტაძის პირველი მოადგილე მზია თოდუა ასრულებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა.